კიკნაძე ზურაბ გიორგის ძე (3. X. 1933, თბილისი, – 23. XI. 2022, იქვე), ორიენტალისტ-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, მთარგმნელი, ლიტერატორი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1986). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სემიტოლოგიის განხრით (1956). 1960–2010 მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში. 1977–2006 იყო თსუ-ის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე. 2006-იდან არის ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორი. 1992 იყო სახელმწ. საბჭოს წევრი, 1992–93 – ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწ. კომიტეტის თავ-რის პირველი მოადგილე.
კ-ის კვლევის სფეროა შუამდინარული ლიტ-რა, მითოლოგია, რელიგია, ქართ. მწერლობა, ფოლკლორი, ქრისტიანობა და ქრისტ. კულტურა, ბიბლიის (ძვ. და ახ. აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზ. პრობლემები. პირველი თარგმანი – „გილგამეში“ (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებით) 1963 გამოაქვეყნა, „თამუზის სიზმრის“ თარგმანი კი – 1969. კ. ავტორია წიგნებისა: „ძველი აღთქმის წუთისოფელი“ (2003), „ქართული ფოლკლორი“ (2008), „გილგამეშიანი“ (1984; 2009), „ძველი შუამდინარული პოეზია“ (1987, 2009), „ანდრეზები“ (2009), „ხუთწიგნეული“ (2012) და სხვ.; ასევე ავტორია სამეცნ. სტატიების, ესეების ლიტ-რისა და საზ. საკითხებზე. კ. არაერთი სამეცნ. კონფერენციისა და ბიბლიური საზ-ბის ფორუმის მონაწილეა. 1978 ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმანისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) მიენიჭა ი. მაჩაბლის სახ. პრემია. ასევე არის თსუ-ის (1986) და სახელმწ. (2005) პრემიების ლაურეატი, ამერიკის ბიოგრაფიის ინ-ტის ღირსების მედლისა (1999) და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლის (წიგნისათვის „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“) მფლობელი.
თხზ.: ძველი აღთქმის წუთისოფელი, თბ., 2003; ქართლი გაქრისტიანების გზაზე: ადამიანები და სიწმინდეები, თბ., 2009; სიტყვითა და საქმითა. ჩანაწერები, თბ., 2013; ცეცხლი და ბურუსი, თბ., 2015; ქართული მითოლოგია, 1. ჯვარი და საყმო, თბ., 1996, გამოც. მე-2, თბ., 2016; ქართული მითოლოგია 2. ფარნავაზის სიზმარი, თბ., 2016; Georgian Mithology, New York, 2023.
მ. თუშიშვილი