კიკნაძე თეიმურაზ ვასილის ძე (1. X. 1945, ქუთაისი, – 19. II. 2021, თბილისი), მუსიკოს-შემსრულებელი (კონტრაბასი) და პედაგოგი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1990). ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის პირველი ქართველი ლაურეატი (1959). 1968 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საორკესტრო განყ-ბა ჩელოსა და კონტრაბასის სპეციალობით (ხელმძღვ. პროფ. ნ. სავჩენკო). 1968–75 კ. ვიოლონჩელის, არფის და კონტრაბასის კათედრის პედაგოგი იყო. მისი მოსწავლეები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
კ-მ საკონცერტო მოღვაწეობა დაიწყო 1968-იდან. მის რეპერტუარში იყო მსოფლიო საკონტრაბასო მუსიკის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები, აგრეთვე ქართველ კომპოზიტორთა მიერ სპეც. ჩელოსთვის დაწერილი მუსიკა. კ-მ საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა ქართ. კომპოზიტორების (ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, შ. თაქთაქიშვილის, რ. ლაღიძის, ს. ცინცაძის) ნაწარმოებები. მისი შესრულება გამოირჩეოდა ემოციურობით, ლირიზმით, ტექნიკური სრულყოფილებით.
1975–77 კ. სამუშაოდ მიავლინეს ლათინურ ამერიკაში (ეკვადორის რესპუბლიკა, ქ. კიტო) კონსერვატორიის პედაგოგად და ქ. კიტოს სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერად. იგი მონაწილეობდა საშეფო და საქველმოქმედო კონცერტებში. აღსანიშნავია კ-ის, როგორც ორგანიზატორის მოღვაწეობა – იყო თბილ. მე-5 (1977–80) და მე-12 (1989–95) სამუსიკო სკოლების დირექტორი. 1995–2005 მუშაობდა მთაწმინდის პარკის გენ. დირექტორად.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).