კიკნაძე ინეზა გრიგოლის ასული (20. III. 1931, თბილისი, – 1. IV. 2020, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1949–54 სწავლობდა თსუ-ში. 1960–2008 იქვე ეწეოდა სამეცნ. და პედ. საქმიანობას. მისი კვლევის სფერო იყო ახ. ქართ. ენა (ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი), სალიტერატურო ქართული ენის ნორმალიზაცია, მეტყველების კულტურა და პრაქტიკული სტილისტიკა, მწერლის ენა; ამავე საკითხებზე სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციების სპეც. კურსებს. ასწავლიდა ქართულ ენას უცხოელ სტუდენტებს, სტაჟიორებსა და ასპირანტებს. სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამეცნ. გამოცემებში, მონაწილეობდა სამეცნ. კონფერენციებში. ავტორია ნაშრომებისა: „მამაჩემი – გრიგოლ კიკნაძე“ (კრ-ში: გრიგოლ კიკნაძე, თბ., 1999, შემდგენელ-რედაქტორი, წინათქმის ავტორი – ი. კიკნაძე); „ვაჟა-ფშაველას იდიომებისა და ფრაზეოლოგიურ შესიტყვებათა მცირე ლექსიკონი“ (შემდგენლები: ი. კიკნაძე, მ. ბეჟიტაძე, ლ. მამულაშვილი, თბ., 2015) და სხვ. კ. იყო ამერიკის ბიოგრაფიის ინ-ტის საპატიო წევრი. მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2001).
ი. აბაშიძე