კიკნაძე შოთა ალექსანდრეს ძე

შ. კიკნაძე

კიკნაძე შოთა ალექსანდრეს ძე (27. IV. 1920, სოფ. საღანძილე, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 4. IV. 1998, თბილისი), საოპერო მომღერალი (ლირიკული ბარიტონი), პედაგოგი საქართვ. სახ. არტისტი (1967), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა II საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1949). 1942 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინ-ტი, 1942–46 მუშაობდა თბილისის II საავადმყოფოს ქირურგიულ განყ-ბაში ექიმად. 1951 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ს. ინაშვილის კლასი). იმავე წლიდან 1978-მდე თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. ჰქონდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმა, სცენური მომხიბვლელობა. პარტიები: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ჩალხია, პოეტი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“, „სამი ნოველა“), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), შოთა (ა. შავერზაშვილის „მარინე“). აბდუშაჰილი (ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), რობერტი, ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“, „ევგენი ონეგინი“), ჟერმონი, გრაფი დი ლუნა (ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „ტრუბადური“), ფიგარო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), დონ-ჟუანი (ვ. ა. მოცარტის „დონ-ჟუანი“), სილვიო (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“) და სხვ. მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის „დაისისა“ (1973, კიაზოს პარტია) და პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალის“ (1974, ელეცკის პარტია) წარმოდგენებში ქ. ზაარბრიუკენში. გასტროლებით შემოიარა ყოფ. სსრკ-ის ქალაქები და საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა.