კილაძე ვალერიან სოლომონის ძე

ვ. კილაძე

კილაძე ვალერიან სოლომონის ძე (23. IV. 1913, სოფ. სილაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 31. VIII. 1986, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1968). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი ფილოს. სპეციალობით (1935). თსუ-ში სწავლისას კ-მ დ. უზნაძის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და მისი რეკომენდაციით, ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, მუშაობა დაიწყო მეცნ. მუშაკად ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში, სადაც მუშაობდა 80-იან წლებამდე. 1938–55 შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის,  სოხუმისა და ბათუმის პედ. ინ-ტებში, 1947-იდან – გარდაცვალებამდე მუშაობდა თსუ-ში ფილოს. ისტ. კათედრაზე. 1966–74 იყო თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტის დეკანი. მისი და შ. გაბელაიას ინიციატივით 60-იან წლებში ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტზე შემოიღეს მათემატიკური ლოგიკის და უმაღლ. მათ-ის გაღრმავებული სწავლება.

კ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია. თანამშრომლობდა კ. ბაქრაძესთან, შ. ნუცუბიძესთან და სხვ. იკვლევდა ლ. ფოიერბახის შემეცნების თეორიას, გ. პლეხანოვის ფილოს. შეხედულებებს, ახლებურად გააშუქა განმანათლებლების მსოფლმხედველობა და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში. აღსანიშნავია კ-ის ნარკვევები არაბულენოვანი, რუს., დას. ევროპული და ქართ. ფილოს. აზრის ისტორიაში.

თხზ.: XVIII საუკუნის ფრანგი განმანათლებლები და მატერიალისტები, წგ.: ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1962 (თანაავტ.); გ. პლეხანოვის ბრძოლა იდეალიზმის წინააღმდეგ, თბ., 1971; სქოლასტიკა არაბულენოვან ფილოსოფიაში, წგ.: შუა საუკუნების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, ნაწ. 2, თბ., 1984 (თანაავტ.: ნ. კილაძე).