კილაძე მერაბ მიხეილის ძე

კილაძე მერაბ მიხეილის ძე (2. VI. 1959, ჭიათურა, – 22. XII. 2016, თბილისი), ზოგადი ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (2002). 1984 დაამთავრა თსსი; 1985–88 მუშაობდა ქ. ჭიათურის საავადმყოფოში. 1997 ბაზისურ ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში სტაჟირება გაიარა ქ. ატლანტის (აშშ) სამედ. ცენტრში, ხოლო 1998 – ქ. მოდენის (იტალია) სანტ-ავგუსტინის ჰოსპიტალში.

1991–2001 მუშაობდა ქ. თბილისის I კლინიკურ საავადმყოფოში; 2003–06 იყო საქართვ. სამედ. აკად. თორაკო-აბდომინური ქირურგ. კათედრის პროფესორი, 2005–16 – საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს ექსპერტი, 2008–13 – თსსუ-ის თორაკო-აბდომინური ქირურგ. კათედრის ასოცირებული პროფესორი, 2013-იდან – თსსუ-ის I ქირურგ. დეპარტამენტის კერძო ქირურგ. №1 მიმართულების ასოცირებული პროფესორი, 2011–12 – თბილ. შპს „ამტელ ჰოსპიტლის“ თორაკო-აბდომინური ქირურგ. დეპარტამენტის, ხოლო 2012–16 – შპს „კარაპს მედლაინის“ ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იყო ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის საბჭოს წევრი (2000); ევროპის ქირურგთა საზ-ბის „ეროვნული დელეგატი“ საქართველოდან (2003); საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2007).

კ. იყო სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფია „ლაპაროსკოპიული ქირურგიის“ (2013) ავტორი, არაერთი გამოგონების, პატენტისა და საავტორო სერტიფიკატის მფლობელი (დ. აბულაძესთან ერთად მიიღო ენდოქირურგიული ინსტრუმენტის გამოგონების პატენტი).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2012). ჭიათურის საპატიო მოქალაქე (2017).