კილაძე ნოდარ შალვას ძე (28. III.1925, თბილისი, – 12. VIII. 2010, იქვე), ფიზიკოსი, გამოთვლითი ტექნ. და ინფორმატიკის სპეციალისტი. ტექ. მეცნ. კანდიდატი (1977). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985). 1954- მდე იყო სამხედრო სამსახურში. დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1959). 1960–2010 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინ-ტში (2010-იდან – სტუ-ის ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტი). იყო ამ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1978). 1963-იდან ელექტრონულ მოწყობილობათა განყოფილების გამგე. პარალელურად (1968–72) მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.
კ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა ინფორმაციის გარდამსახი სისტემების დამუშავება და შექმნა, კომპიუტერში შეყვანილი ქართ. ტექსტების ხმოვან ფორმატში პროგრამული გადაყვანა, საფრენი აპარატების ფრენისას შექმნილი ავარიული სიტუაციების პროგრამული ანალიზი და ვიზუალიზაცია.
კ. იყო მეორე მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე, მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები.
თხზ.: Программа синхронного озвучивания введённых с клавиатуры компьютера или текстовыми файлами грузинских текстов (თანაავტ. Ф. Коган, Д. Радзиевский), სტუ, ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინ-ტის შრომათა კრ., თბ., 2005; Метод формирования гладкой кривой по её отдельным точкам (თანაავტ. Ф. Коган, Л. Гелиашвили), იგივე, 2007.