კილაძე როლან ილიას ძე (24. IX. 1931, თბილისი, – 22. II. 2010, იქვე), ასტრონომი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1993), საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988). სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971). 1955 დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი. ამავე წლიდან 2010-მდე მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1989-იდან იყო გალაქტიკის აგებულებისა და ევოლუციის განყ-ბის გამგე, 2001– 06 – ობსერვატორიის დირექტორი. 1985–90 მოღვაწეობდა ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში, 2007–10 იყო ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორი.
კ-ის სამეცნ. კვლევები ეხება გალაქტიკაში ნივთიერების განაწილებას, ვარსკვლავთა სხივური სიჩქარეების გაზომვას, ანთებადი ვარსკვლავების შესწავლას. კ-მ ერთ-ერთმა პირველმა დიდი სიზუსტით გაზომა სატურნის რგოლის სისქე (1969); აღმოაჩინა ძალზე გაიშვიათებული ატმოსფეროს ნიშნები მერკურის გარშემო (1974); ერთ-ერთმა პირველთაგანმა შენიშნა (1975) და შეისწავლა (2001) ვარსკვლავი VI500 Gygni – ახალი გედის თანავარსკლავედში, რ-იც „აინთო“ 1975 წ. 29 აგვისტოს; ახსნა პლანეტების ღერძული ბრუნვა, როგორც პლანეტის მიდამოში მცირე ნაწილაკთა გროვების განვითარების შედეგი; 1977, პლუტონის თანამგზავრის (ქარონის) აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე, იწინასწარმეტყველა მისი არსებობა; შეადგინა და გამოსცა (1977) უმართავი გეოსტაციონარული თანამგზავრების გაუმჯობესებული 3 კატალოგი და სანქტ-პეტერბურგელ კოლეგებთან ერთად შექმნა გეოსტაციონარული თანამგზავრების მოძრაობის თეორია (2001).
კ. იყო საერთაშ. ასტრონ. კავშირისა (1964) და ევრ. ასტრონ. საზ-ბის (1982) წევრი, საქართვ. ასტრონ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი. კ. იყო მრავალი სამეცნ. პუბლიკაციის, 2 მონოგრაფიისა და 1 სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. და სამეცნ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2001). მის პატივსაცემად მცირე პლანეტა №4737-ს ეწოდა „კილაძე“ (1996). 2019 საერთაშ. ასტრონ. კავშირმა პლუტონის ერთ-ერთ კრატერს მიანიჭა კ-ის სახელი პლუტონის ფოტომეტრიის, ასტრომეტრიისა და დინამიკის კვლევაში მისი წვლილის აღსანიშნავად.
თხზ.: ლექციები თეორიული ასტროფიზიკის კურსში, თბ., 1979; Современное вращение планет, как результат развития околопланетных роёв мелких частиц, Тб., 1986; Investigation of Nova Gygni 1975 (V1500) at Abastumani. I. Photographic Observations of Spectra an II. Resolution of Lines with a Complex Profile into Components (თანაავტ. Gikoshvili M. P.) Astrophysics, v. 44, Issues 1 and 2 (2001); „On the orbital evolution of explosion fragments“ (თანაავტ. Soshilina A., Grigoriev K. at al.), Advances in Space Research. 34, 2004; Theory of Motion of Geostationary Satellites (თანაავტ. Soshilina A.), Tb., 2010.
ი. ლომიძე