კილო, 1. სიმღერა-გალობის დიალექტური კუთვნილება (იმერული კილო, ქართლ-კახური კილო და სხვ.); 2. ინტონაციური მიმოქცევა, მელოდია, ჰანგი; 3. ბგერათა ურთიერთკავშირის სისტემა მუსიკაში. კ-ს საფეხურების თანამიმდევრობა ქმნის გამას, რ-ის ყოველ საფეხურს აქვს განსაკუთრებული ფუნქცია – არამდგრადი (მერყევი) საფეხურები მდგრადი (მყარი) საფეხურებისაკენ მიიზიდება. კ-ს საფუძველია ტონიკა, რ-იც განსაზღვრავს კ-ს ტონალობას. სხვადასხვა ხალხის მუსიკის კ-ს, ზოგად თავისებურებებთან ერთად, ეროვნ. მახასიათებლებიც გააჩნია. ბგერათრიგების დამთხვევა ან მსგავსება არ ნიშნავს კ-ების იგივეობას, რადგან კ. ინტონირების ცოცხალ პროცესში ყალიბდება. ქართ. ხალხ. მუსიკის კილოური სისტემა დიატონურია და მონოტოცენტრულობის (ერთი ტონიკური ცენტრის) პრინციპს ეფუძნება.
ლიტ.: ასლანიშვილი შ., დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის კილოები, წგ: ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, I, თბ., 1954; კარბელაშვილი პ., ძველი ქართული კილოები და საეკლესიო გალობა, წგ.: ქართული საერო და სასულიერო კილოები, თბ., 2011; როსებაშვილი კ., ქართული ხალხური სიმღერის კილოს განსაზღვრის საკითხისათვის; თბილისის სახელმწ. კონსერვატორიის სამეცნიერო შრომათა კრებული, თბ., 1988; ჭოხონელიძე ე., ქართული ხალხური სიმღერის კილოური საფუძვლების შესახებ, ქართული ხალხური მუსიკის კილო, მელოდიკა და რიტმი, იქვე, თბ., 1983.