კილოსანიძე (საღინაშვილი) ელენე (ნელი) ალექსანდრეს ასული (დ. 5. XI. 1935, თბილისი), თეატრის მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1983). 1957 სწავლობდა მოსკოვის ბ. შჩუკინის თეატრ. სასწავლებელში (ვ. ეტუშის ჯგუფი), 1959–63 – თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში (გ. სარჩიმელიძისა და ა. ხორავას ჯგუფი). 1962 მიიწვიეს გრიბოედოვის თეატრში მთავარ როლზე (კეტრინი, ა. მილერის ,,ხედი ხიდიდან“; რეჟ. მ. თუმანიშვილი). 1963–95 იყო გრიბოედოვის თეატრის მსახიობი. 1985–93 მუშაობდა თეატრ. ინ-ტში სცენური მეტყველების პედაგოგად, 1995-იდან – თეატრ. დისციპლინების პედაგოგად მოსკ. ხელოვნების საბავშვო სკოლაში; 1999–2016 – ამავე სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელად. 2003 მოსკოვში თეატრ. სკოლის კურსდამთავრებულთა ბაზაზე დააარსა თეატრ. გაერთიანება ,,მირაჟი“.
გრიბოედოვის თეატრში კ-ის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატაშა (ე. რაძინსკის ,,104 ფურცელი სიყვარულზე“), ასელი (ჩ. აითმატოვის ,,ჩემო წითელთავსაფრიანო ჩინარო“), გელენა (ლ. ზორინის ,,ვარშავული მელოდია“), ედიტ პიაფი (ვ. ლეგენტოვის ,,ედიტ პიაფი“), მარიამი (ნ. დუმბაძის ,,მარადისობის კანონი“), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის ,,ღალატი“) და სხვ. გადაღებულია ფილმებში ,,ფუნჯით მოთხრობილი ამბავი“ (1962), ,,აფრენა“ (1963). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.