კიმერიელები

კიმერიელები (ბერძნ. Κimmerioi, აქად. Gamir(a)ᾱia, Gamiraia, ძვ. ებრ. gmr), ძვ. წ. VIII–VII სს-იდან აღმოსავლეთ ევროპის ველებზე მომთაბარე და მცხოვრები ინდოევროპული მოდგმის ირანულენოვანი ხალხი. ანტ. ავტორების ცნობებით, აღმ. ევროპაში მოსული სკვითების ზეწოლით კ-ის ნაწილი კავკასიის გავლით წინა აზიაში გადავიდა. მათი იქ ყოფნა ასახულია თანადროულ წყაროებში. ასურეთის მეფის, სარგონ II-ის (ძვ. წ. 722–705) დროს კ. ურარტუს ტერიტორიაზე (სევანის ტბის ჩრდ.-დას-ით) ჩანან. დაახლ. იმავე ხანაში კ. შეიჭრნენ ურმიის ტბის სამხრ-ით. ასურეთის მეფის, ასარხადონის (ძვ. წ. 680–669) თანადროულად კ-ის ერთი ჯგუფი ასურეთის აღმ-ით, მანას ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მეორე – დას-ით, მცირე აზიაში, კაპადოკიის ტერიტორიაზე. ეს იმის დასტურია, რომ ძვ. სომხურ წყაროებში კაპადოკია კ-თა სახელით („გამირქ“, „გამირიჯ“) მოიხსენიება. აქ 673 კ. ასარხადონმა დაამარცხა. როგორც ვარაუდობენ, იმხანად კ-ის დაქირავებული რაზმები თვით ასურელთა არმიაშიც იყვნენ. ასევე ურარტუს მეფე რუსა II-მ (ძვ. წ. 685–645) ყველა სამხედრო წარმატება კ-ის დახმარებით მოიპოვა. დაახლ. ძვ. წ. 676 (ან 675) რუსა II-მ კ-თან კავშირში გაანადგურა ფრიგიის სამეფო (ასურული წყაროებით – მუშქების, მოსხების ქვეყანა). მოსხების (მესხების) ნაწილმა ჩრდ.-აღმ-ით მთებს შეაფარა თავი (ამ ადგილს შემდეგ „მოსხური მთები“ ეწოდა), ნაწილი კი ისტ. საქართვ. ტერიტორიაზე შემოვიდა. ძვ. წ. VII ს. 60-იან წლებში კ. თავს დაესხნენ ლიდიას, აიღეს მათი დედაქალაქი სარდი. ამავე საუკუნის დასასრულიდან კ-ის სახელი ძველაღმოსავლურ წყაროებში ქრება.

ანტ. ლიტერატურაში კ. პირველად იხსენიებიან ჰომეროსის „ოდისეაში“, ორჯერ – ბიბლიაში, შემდეგ მათ შესახებ ცნობები ჩნდება ჰეროდოტეს, სტრაბონის, კალიმაქეს, არიანესა და სხვათა თხზულებებში. ამ ავტორებთან ჩანს, რომ კ. უკვე ჩრდ. შავიზღვისპირეთის ველებზე არიან დასახლებული. შემდეგში ისინი აღმ. ევროპაში შემოსულ სკვითებსა და სარმატული მოდგმის ტომებს შეერივნენ. კ-ის ყოფნას ვარაუდობენ საქართველოს ტერიტორიაზეც. მკვლევართა ნაწილის აზრით, ქართული პროვინციის – თრიალეთის სახელი თრერების (ტრერების) კიმერიული ტომისაგან უნდა მომდინარეობდეს. კ-ს უკავშირებენ კოლხური სამეფოს განადგურებას. გამოთქმულია მოსაზრება, რომ შეიძლება კ-ის სახელიდან მომდინარეობდეს ქართული სიტყვა „გმირი“.

ლიტ.: მელიქიშვილი გ., სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები. ძველი კოლხური სამეფოს განადგურება, წგ.; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; Иванчик А. И., Киммерийцы. Древневосточные цивилизации и степные кочевники в VIII–VII вв. до н. э., М., 1996.

ვ. გოილაძე