კინდერმანის სფინქსი

კინდერმანის სფინქსი

კინდერმანის სფინქსი (Smerinthus kindermanni Lederer, 1852), იშვიათი სახეობის პეპელა სფინქსების (Sphingidae) ოჯახიდან, ულამაზესი მწერი, ერთ-ერთი უძველესი მიგრანტი. აქვს მსხვილი და ძლიერი სხეული. წინა ფრთების სიგრძეა 32–35 მმ, საერთო ფონი – ღია ხორცისფერი, იისფერ-რუხი ანარეკლით. მოხატულია სხვადასხვა ფორმის ყავისფერი ლაქებით, ნათელი და მუქი გარდიგარდმო ზოლებით. წინა ფრთების გარეთა კიდეები შეჭრილია. უკანა ფრთები იისფერ-წითელია. გარეთა კიდესთან შეინიშნება შავბირთვიანი არასრული მსხვილი თვალი, რ-საც გარშემო ორი (იისფერ-ლურჯი და შავი) არასრული რკალი აკრავს. ფრთების ქვედა მხარე ღია ხორცისფერია, წინა ფრთებზე მოწითალო-იისფერი შუაგული აქვს, ხოლო უკანაზე – ყავისფერი არათანაბარი ზოლი. ორივე ფრთას კვეთს ვიწრო რუხი და მუქი ზოლები და კიდის ფართო არშია.

გავრცელებულია აღმ. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სამხრ. კავკასიასა და შუა აზიაში. სახეობის საბინადრო გარემოა აღმ. ხმელთაშუა ზღვის უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების ჭალის ტყეები.

საქართველოში კ. ს. გვხვდება ვაშლოვნის ნაკრძალის არიდულ ნაწილში (დათვისხევი), ზ. დ.
300 მ-ზე. წელიწადში ერთ თაობას იძლევა. დაფრინავს მაის-ივნისში. მატლი იკვებება თურანული და თხის ტირიფების ფოთლებით. იშვიათი სახეობაა. ძირითადი მალიმიტირებელი ფაქტორებია არეალის ლოკალურობა და მცირერიცხოვნობა, ამიტომ გავრცელების არეალში ადამიანის სამეურნეო საქმიანობა სახეობას ჰაბიტატში სრული გაქრობით ემუქრება.

2002-იდან შეტანილია საქართვ. ტერიტორიაზე დასაცავ მწერთა სიაში.

ლიტ.: დიდმანიძე ე., საქართველოს პეპლები. ენდემური, რელიქტური და იშვიათი სახეობები (ქართულ და ინგლისურ ენებზე), თბ., 2005; Дидманидзе Э. А., Чешуекрылые аридных ландшафтов Грузии (Lepidoptera, Heterocera), Тб., 1978; Дидманидзе Э. А., Схиртладзе И. А., Нинуа Н. Ш. и др., О некоторых эндемичных, редких и исчезающих видах фауны Грузии: новые ориентиры к решению проблемы, Тб., 2002; Мирзоян С. А., Батиашвили И. Д., и др., Редкие насекомые, М., 1982.

ე. დიდმანიძე