კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (კინოცენტრი) საქართველოსი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შეიქმნა 2001 წ. აპრილში „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს 2000 წ. 5 დეკემბრის კანონის საფუძველზე. კინოცენტრი შეიმუშავებს და ახორციელებს სახელმწიფოებრივ პოლიტიკას კინოს სფეროში. მისი მიზანია ქართ. კინემატოგრაფიის არსებობისა და განვითარებისათვის სახელმწ. მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდინაცია, საქართვ. სახელმწ. ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნ. ფილმების წარმოებისა და გავრცელების ხელშეწყობა, მსოფლიო კინოპროცესებში ქართ. კინოს ინტეგრაცია. კინოცენტრის ამოცანებია: შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნისა და სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება; კინოს განვითარებისათვის სამეცნ.- საინფორმაციო, საწარმოო და მატერ.-ტექ. ბაზის სრულყოფა; ეროვნ. კინოპროდუქციის წარმოების ფინანსური მხარდაჭერა; ქართული კინოს დაცვისა და განვითარების მიზნით შესაბამისი სახელმწ. პროგრამების რეალიზაცია; კინოს ინფრასტრუქტურისა და კინოქსელის განვითარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა; საქართვ. ეროვნ. კინოარქივის შექმნა; კინოგანათლებისა და კინომცოდნეობის განვითარების ხელშეწყობა; კინოს დარგში საერთაშ. კავშირების გაფართოება; საერთაშ. კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; კინოფესტივალებისა და სხვა კულტ. ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე საერთაშ. კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობა. სახელმწიფო სუბსიდიები ნაწილდება კონკურსის გზით, საექსპერტო კომისიების დასკვნის საფუძველზე.

კინოცენტრის დირექტორები სხვადასხვა წლებში იყვნენ: ო. შამათავა (2000–01), ზ. ურუშაძე (2001–04), გ. ჩხეიძე (2004–08), კ. ჩლაიძე (2008–10), თ. ტატიშვილი (2010–13), ნ. ჯანელიძე (2013–16), ზ. მაღალაშვილი (2016–19), გ. ჩხეიძე (2019–22); 2022-იდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია კ. სიხარულიძე.

მ. კერესელიძე