დოსითეოსი მთავარეპისკოპოსი

დოსითეოსი მთავარეპისკოპოსი, (დიმიტრი არჯევანის ძე ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი) (1774 –19. XI. 1830, თბილისი), საეკლესიო მოღვაწე, ქსნის საერისთავოს აზნაურთა შთამომავალი.

1791 ბერად აღიკვეცა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში. თავდაპირველად დიაკვნად ეკურთხა, შემდეგ – მღვდელმონაზვნად. 1795 ერეკლე II-ის სურვილით და ანტონ II -ის კურთხევით ქართლში ხოფის მონასტრის არქიმანდრიტად გაამწესეს. 1801- იდან ქვათახევის მონასტრის წინამძღვარია.

1810 რუსეთში გაჰყვა ანტონ II-ს. პეტერბურგში მას ავტოკეფალიაწართმეული საქართვ. ეკლესიის ერთ-ერთ მმართველად ამზადებდნენ. ვარლამის ეგზარქოსად დანიშვნის შემდეგ იგი გორის ქორეპისკოპოსად გაამწესეს. 1814 წ. 15 სექტ. აღდგენილი ოსეთის სასულიერო კომისიის თავ-რედ აირჩიეს და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსობა უბოძეს.

1815 მარტში დ. საქართველოში დაბრუნდა. მან მრავალი ათასი მთიელი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. მალე მისი ურთიერთობა ვარლამ ეგზარქოსთან გართულდა. თავდაპირველად ვარლამი შემდეგ კი დ-იც რუსეთში გაიწვიეს და მოსკოვში პეტრეს მონასტერში გაამწესეს. ჯანმოშლილმა დ-მა სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. იმპერატორმა დამსახურების გამო პენსია გაუდიდა.

1830 დ. თბილისში დაბრუნდა და იმავე წელს გარდაიცვალა.

დაკრძალულია ავლაბრის წმ. დარიასა და ერეკლეს ეკლესიაში.

ლიტ.: ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი მაქს., XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, [ტ.] 1–2, თბ., 1983; История грузинской иерархии, с присовокуплением обращения в христианство Осетии и других народов, М., 1826.

ე. ბუბულაშვილი