კინოდრამატურგია

კინოდრამატურგია.
კადრი ფილმიდან "ქრისტინე"
ა. ა ბ ე ლ ა შ ი ლ ი – ქრისტინე. რეჟისორი ა. წუწუნავა. 1916–18

კინოდრამატურგია, ლიტერატურულ-კინემატოგრაფიული შემოქმედების სახეობა. კ-ის საფუძველია სცენარი – ფილმის ლიტ. და იდეურ-მხატვრული მხარე. კ-ის გაორებული (ლიტ. და კინემატოგრაფიული) ბუნების გამო სცენარიც ორი სახისაა: ლიტ. ნაწარმოები, რ-იც ფილმის ძირითადი ბაზისია და იმავდროულად დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულება გააჩნია, და ლიტ. მასალა, რ-შიც გადმოცემულია მომავალი ფილმის შინაარსი და კონსტრუქცია. კ. იყენებს დრამ. და პროზაული ლიტ-რის სხვადასხვა ხერხს და ქმნის, ამუშავებს და აფიქსირებს საკუთარ ან უკვე არსებულ სიუჟეტებს ფილმში მათი შემდგომი ხორცშესხმისათვის, კინოს სპეციფიკური თავისებურებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

კ. ყალიბდებოდა კინოს გამომსახველობით და ტექნიკურ საშუალებათა განვითარებასთან უშუალო კავშირში. კინოხელოვნების შესაძლებლობათა გაფართოების შესაბამისად იცვლებოდა მისი ესთეტ. ნორმები. კ-ის ჩამოყალიბებაში კინოს განვითარების ცალკეულ ეტაპზე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი პროზაიკოსები და თეატრის დრამატურგები.

საქართველოში კ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს შ. დადიანმა, გ. მდივანმა, ნ. შენგელაიამ, ს. ჟღენტმა, მ. ელიოზიშვილმა, რ. გაბრიაძემ, ე. ახვლედიანმა, რ. ინანიშვილმა, ზ. არსენიშვილმა, რ. ჭეიშვილმა, ვ. გიგაშვილმა, ნ. შატაიძემ და სხვ.

მ. კერესელიძე