კინოთეატრი, ფილმის საჯარო ჩვენებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ნაგებობა (ან სხვა საზ. ნაგებობის ნაწილი). კ-ის დარბაზი აღჭურვილია დიდი ეკრანით, ფილმების სადემონსტრაციო აპარატურით და ხმის სისტემით. კ-ების დაპროექტებისას ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დარბაზში საუკეთესო აკუსტიკის მიღწევა. თანამედროვე კ-ებისთვის სავალდებულოა ჰაერის კონდიცირების სისტემის არსებობა; მისი მნიშვნელოვანი ნაწილია ფოიე, რ-საც სოც.-კულტ. დატვირთვა აქვს.
თავდაპირველად კინოს საბალაგანო გასართობად მიიჩნევდნენ და კინოდანადგარების მფლობელები კინოსეანსებისთვის ფართობს ქირაობდნენ სახლებში, გადახურულ ბაზრობებზე, კაფე-რესტორნებსა და საზ. თავშეყრის ადგილებში. ტექნიკის განვითარებამ და ახალი სანახაობისადმი გაზრდილმა ინტერესმა ბიძგი მისცა პირველი კ-ების გახსნას, კინოს ხელოვნებად ჩამოყალიბებასთან ერთად კი შეიქმნა კ-ების არქიტექტურა.
ეკრანების (დარბაზების) რაოდენობის მიხედვით დღეს არსებობს შემდეგი სახის კ-ები: მონოეკრანი (ერთი დარბაზით), მინიპლექსი (2–8 დარბაზით), მულტიპლექსი (9–15 დარბაზით), მეგაპლექსი (16-ზე მეტი დარბაზით), კინოპლექსი (სავაჭრო ან სავაჭრო-გასართობ ცენტრში განლაგებული კ.).
საქართველოში კ-ების ისტორია იწყება XX ს-იდან. მათი სახელწოდებები და ადგილმდებარეობა რამდენჯერმე შეიცვალა. ფრანგი გამომგონებლების ძმები ლ. და პ. ლიუმიერების აპარატით პირველი ჩვენება შედგა 1896 წ. 16 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში, შემდეგ „ცოცხალი სურათების“ სეანსებს ატარებდნენ საცხოვრებელ სახლებში, ნიკიტინების ცირკში და საზ. თავშეყრის სხვა ადგილებში. 1904 ოდესელმა კომერსანტმა ს. ივანიცკაიამ თბილისში გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდ. რუსთაველის გამზირი), რესტორან „დათვის“ შენობაში გახსნა პირველი კინოსტაციონარი „ილუზიონი“. 1905 მანვე მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე კინოფილმების სადემონსტრაციოდ 150-ადგილიანი ხის შენობა ააგო. ამავე წელს გოლოვინის გამზირზე გაიხსნა კ-ის დახურული დარბაზი „ელექტრონის პროჟექტორი“. 1907-ისთვის თბილისში უკვე მოქმედებდა კ-ები: „ამპირი“, „კოლიზეი“, „ლირა“, „მუზა“, „მულენ ელექტრიკი“ (დახურული და საზაფხულო დარბაზებით), „სინემა დისკი“. 1909 წ. 12 აპრილს მიხეილის პროსპექტზე (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი) გაიხსნა კ. „აპოლო“ (შემდგომში – „ოქტომბერი“; ფასადისა და ინტერიერის მორთულობა დასრულდა 1914) – იმ დროისათვის ერთ-ერთი უდიდესი კ. ევროპაში. 1915 კ-ების რიცხვს შეემატა „არფასტო“ [გოლოვინის პროსპექტზე, სასტუმრო „პალას-ოტელის“ (ახლანდ. თეატრისა და კინოს უნ-ტის) შენობაში; შემდგომში – „სპარტაკი“] „მოდერნი“, „ოდეონი“, „პატეოგრაფი“, „სატურნი“, „მინიონი“ (სასტუმრო „მაჟესტიკი“; ახლანდ. „თბილისი მარიოტი“). მიხეილის პროსპექტზე აშენდა კ. „პალასი“ (შემდგომში – „ამირანი“); მ. აზარიანცის სახლის ქვედა სართულზე განთავსდა კ. „სოლეი“ (ახლანდ. პანტომიმის თეატრი).
კ-ები გაიხსნა საქართვ. სხვადასხვა ქალაქში. ქუთაისში 1908-მდე იყო 2 კინოთეატრი – „მონპლეზირი“ (შემდგომში – „დამკვრელი“) და „თამარი“ (შემდგომში – „ოფიცერთა კლუბი“). 1910 წ. 8 სექტემბერს გაიხსნა კ. „რადიუმი“ (შემდგომში – „კომუნა“) 450-სავარძლიანი დარბაზით, იარუსით, ლოჟებითა და სცენით. კ-ის გამართვაში მონაწილეობდა კინოოპერატორი ვ. ამაშუკელი. „რადიუმმა“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართ. კინემატოგრაფის ჩამოყალიბებაში. აქ გაიმართა ვ. ამაშუკელის ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912) პირველი ჩვენება, რ-საც თავად პოეტი ესწრებოდა. ბათუმში პირველი კინოსეანსი გაიმართა 1907 კინოსტაციონარ „ილუზიონში“, რ-იც მდებარეობდა დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩაზე. 1911–21 ბათუმში იყო 7 კ.: „აპოლო“ (შემდგომში – „ინტერნაციონალი“), „ილუზიონი“, „ლირა“, „პალასი“, „პიკადილი“ (შემდგომში – „ოქტომბერი“), „ტრიუმფი“, „რელიგიონი“ (დახურული და საზაფხულო დარბაზებით).
1918–21 საქართველოში ოცზე მეტი კ. იყო, XX ს. 30-იან წლებში კი მათი რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, 1939 გაიხსნა კ. „რუსთაველი“, 1948 – „ისანი“, 1957 – „საქართველო“ (წითელი და მწვანე დარბაზები), 60–80-იან წლებში თბილისსა და საქართვ. დიდ ქალაქებში მოხდა ძველის მოდერნიზაცია და აშენდა ახალი კ-ები.
2020 წლის მონაცემებით თბილისში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მოქმედი კ-ებია „ამირანი“ (ოთხი დარბაზი) და სავაჭრო ცენტრებში („თბილისი გალერეა“, „ისტ პოინტი“, „სითი მოლი საბურთალო“) განთავსებული კინოპლექსი „კავეა“; ბათუმში – „აპოლო“, ქუთაისში – „საქართველო“.
მ. კერესელიძე