კინოლოგია

კინოლოგია

კინოლოგია (ბერძნ. kinos – ძაღლი და logia – მეცნიერება), მეცნიერება ძაღლების შესახებ, რომელიც სწავლობს ძაღლის ანატომიასა და ფიზიოლოგიას, ჯიშების წარმოშობასა და ევოლუციას, მომრავლებასა და სელექციას, კვებას, მოვლა-შენახვას, წვრთნასა და გამოყენებას სანადირო, სასამსახურო (სადარაჯო, სამძებრო), ასევე დეკორ. მიზნებისათვის. კ. თანამედროვე მეძაღლეობის საფუძველია.

ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობა მრავალ ათასწლეულს ითვლის. დღეისათვის მსოფლიოში 500-ზე მეტი აღიარებული ჯიშია (ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ეს რიცხვი 2000-ს აღწევს). საქართველოში 70–80 ჯიშია აღნუსხული, რ-თაგან 3 ადგილობრივია. ზოგიერთი ჯიში უძველესი ცივილიზაციიდან არის ცნობილი. ეგვიპტურ კედლის მხატვრობაში (ძვ. წ. 4000) შემორჩენილია მწევრების, მდევრებისა და ტაქსას მსგავსი ჯიშების გამოსახულებები; რომაელი გრაცია ფალისკი (ძვ. წ. I ს.) თავის ნაშრომში აღწერს ძაღლის მოვლა-შენახვის წესებს და ასახელებს 12 ჯიშს; XVII ს-ში ბუდისტი ბერები აგროვებდნენ ძაღლის ცნობილი ჯიშების შესახებ ინფორმაციას და ადგენდნენ საგვარტომო ნუსხებს.

საქართველოში 1927-იდან კინოლოგიურ საქმიანობას ეწეოდა „დოსააფის“ სასამსახურო მეძაღლეობის კლუბი, რ-იც ამზადებდა სპეციალისტ-კინოლოგებს, ეწეოდა სანაშენო საქმიანობას, მართავდა გამოფენებს. „მონადირეთა კავშირის“ კ-ის სექცია ყოველწლიურად აწყობდა მეძებარი ძაღლების საველე გამოცდებს. ცნობილია მსოფლიო ჩემპიონი პოინტერი „ლედი“ (მფლობელი შ. დოლიძე).

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში მრავალი ადგილ. კინოლოგიური კლუბი და ძაღლსაშენი დაარსდა, რ-ებიც თანამშრომლობენ საერთაშ. ორგანიზაციებთან. შეიქმნა მუნიციპალური სამსახურის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოები, გაიხსნა სპორტ.-საწვრთნელი ბაზები. 2000-იდან კ. ისწავლება უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებში. ევრ. და მსოფლიო ჩემპიონის წოდებები მოიპოვეს „სიმბამ“ (მფლობელი მ. ჭკუასელი), „ბასმაჩმა“ (მფლობელი ა. აბაშიძე), „ბუთქუნამ“ (ტაბაკანის ძაღლსაშენი).

1991-იდან საქართველოში კ-მ ოფიც. სტატუსი მიიღო. შეიქმნა საქართვ. კინოლოგიის ფედერაცია (FCG, Federation Cynologique de Georgie, პრეზიდენტი გ. გიორგაძე), რ-იც შეუერთდა საერთაშ. კ-ის ფედერაციას (FCI) და 2001- იდან მისი ასოცირებული წევრია. ფედერაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპ. კ-ში. ადგენს საგვარეულო და სანაშენე წიგნებს, გასცემს ძაღლის მფლობელებზე შიგა და საექსპორტო საგვარეულო ნუსხებს.

2000 ქართვ. კინოლოგთა (ი. ბერიძე, გ. შჩეგოლი და სხვ.) ძალისხმევით „მთის ძაღლი“, ანუ „ქართული ნაგაზი“ აღიარეს ენდემურ ჯიშად. იმართება სპეციალიზებული გამოფენა – „კავკასიური ნაგაზი“ და ქართ. მთის ძაღლი „თართი“, ასევე რეგიონალური სპეციალიზებული მონოჯიშიანი და ჯიშიანი ძაღლების საერთაშ. გამოფენები.

კ. სპორტული, გაწვრთნილი ძაღლების შეჯიბრება (ზაფხულისა და ზამთრის მრავალჭიდი, აჯილიტი, ფრისტაილი) პატრონის თანხლებით. საერთაშ. აღიარება მოიპოვა 2000, როდესაც შეიქმნა კინოლოგიური სპორტის საერთაშ. ფედერაცია (IFCS) – სხვადასხვა ქვეყნის ეროვნ. სპორტული კინოლოგიური ორგანიზაციების კავშირი.

საქართველოში სპორტული კ-ის ისტორია იწყება „დოსააფის“ დაფუძნებისთანავე. მისი მიზანი იყო წვევამდელის მომზადება სამხ. სამსახურისთვის ძაღლთან ერთად. იმ დროიდან თბილისში მოქმედებს კინოლოგიური კლუბი. საქართვ. ნაკრები რეგულარულად მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატებსა და თასის გათამაშებაში. სსრკ დაშლის შემდეგ საქართველოში შემუშავდა სპორტულ-სამომსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის ორიგინალური დებულება. 2001 შეიქმნა საქართვ. პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი (თავ-რე – მ. მოდებაძე), რ-იც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და ატარებს საქართვ. ჩემპიონატს ყოველი წლის გაზაფხულზე, ხოლო საქართვ. თასის გათამაშებას – ყოველი წლის შემოდგომაზე.

2004 საქართველო კინოლოგიური სპორტის საერთაშ. ფედერაციის ნამდვილი წევრი გახდა.

2013 შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი (შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისაგან), რ-იც მუშაობს სასამსახურო ძაღლებთან ერთად ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე. ჯიშიანი ძაღლების გენოფონდის შესანარჩუნებლად კინოლოგიური ორგანიზაციები თანამშრომლობენ ნებისმიერ სახელმწ. დაწესებულებასთან, ასევე აკონტროლებენ ქვეყანაში სანაშენე ეგზემპლარების გასვლა-შემოსვლას.

ლიტ.: მამუკელაშვილი ნ., კინოლოგიის სალექციო კურსი, თბ., 2011; Полищук Ф. И., Трофименко А. Л., Кинология, К., 2007.

ნ. მამუკელაშვილი