კინომუსიკა

კინომუსიკა. კადრი ფილმიდან "ჭრიჭინა".
მსახიობები: ლ.ა ბ ა შ ი ძ ე – ჭრიჭინა, რ. ჩხიკვაძე შოთა. რეჟისორები: ს.
დოლიძე, ლ. ხ ო ტ ი ვ ა რ ი ე. 1954.

კინომუსიკა, კინონაწარმოების კომპონენტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამომსახველობითი საშუალება. კ. აერთიანებს ინსტრუმენტულ ან ვოკალურ სოლო ნომრებს, სიმფონიურ სურათებს, მუსიკალურ ფოლკლორს, კლასიკურ, საესტრადო მუსიკას, პოპს, როკსა და ჯაზს. კ. (ინსტრუმენტული ან ვოკალური) ფილმში ახასიათებს მოქმედების დროს და გარემოს, ქმნის პერსონაჟების მუს. პორტრეტებს და ფილმის ემოციურ ატმოსფეროს, აძლიერებს ამა თუ იმ ემოციას დრამატურგიულ კონფლიქტში, გამოხატავს ფილმის ავტორის დამოკიდებულებას, ნათელს ხდის კინონაწარმოების იდეას. ფილმის მუს. კონცეფციას განსაზღვრავს რეჟისორის ჩანაფიქრი, ფილმის ჟანრული და სტილისტიკური თავისებურებები. კინემატოგრაფის ადრეულ ეტაპზე მუსიკას დამხმარე ფუნქცია ჰქონდა და „ილუსტრაციას“ უწოდებდნენ.

საქართველოში კ-მ სხვა ქვეყნების მსგავსი განვითარების ეტაპები განვლო. პირველი კინოსტაციონარების (ილუზიონების) და კინოთეატრების გახსნისთანავე საფუძველი ჩაეყარა ფილმების მუს. გაფორმების ტრადიციას. ცნობილია, რომ 1912 ვ. ამაშუკელის ფილმის – „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ – პრემიერაზე ქუთაისის კინოთეატრ „რადიუმში“ სიმებიანი ორკესტრი (აფანასიევის ხელმძღვანელობით) უკრავდა პოპურის ქართული მოტივებიდან; 20-იანი წლების ბოლოს თბილ. ერთ-ერთი კინოთეატრის ორკესტრს დირიჟორობდა ე. მიქელაძე; კ. მარჯანიშვილმა ფილმის, „ქარიშხლის წინ“ (1924), მუს. პარტიტურის დასაწერად მიიწვია დ. არაყიშვილი; 30-იანი წლების დასაწყისში ი. ტუსკიამ შექმნა მუს. კომპოზიციები ფილმებისთვის „ელისო“ და „შაქირი“, შ. აზმაიფარაშვილმა დაწერა მუსიკა პირველი ქართული ანიმაციური ფილმისთვის „არგონავტები“.

მდიდარმა მუს. ტრადიციამ და ძლიერმა საკომპოზიტორო სკოლამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. კინოკულტურის ჩამოყალიბებაში.

კინომუსიკა. კადრი ფილმიდან "ვერიასა უბნის მელოდიები". მსახიობები:
ა. ფ რ ე ი ნ დ ლ ი ხ ი – აკვანნარიხსკაია, კ. კ ა ვ ს ა ძ ე – ინოჩენცი. რეჟისორი გ. შ ე ნ გ ე ლ ა ი ა.
1974.

XX ს. 30–40-იან წლებში ა. ბალანჩივაძემ და ა. მაჭავარიანმა გამომსახველობით საშუალებათა სრული გამოყენებით (ფოლკლორიდან – სიმფონიზმის უახლეს მიღწევებამდე) შექმნეს მუს. დრამატურგიის ნიმუშები. 1948 განხორციელდა ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ ეკრანიზაცია, რ-საც ა. კერესელიძის მუს. რედაქციამ, ოპერის მუს. ქარგის სიმფონიზაციის შედეგად პარტიტურის ქსოვილში საკუთარი თემატური მასალის შეტანით, კლასიკურ კომიკურ ოპერას მიუზიკლის ნიშნები შესძინა.

50–60-იანი წლების ქართ. ფილმების მუს. გაფორმებაში კვლავ წამყვანია სიმფონიური პარტიტურა – კლასიკური მუსიკის წიაღიდან ამოზრდილი ინსტრუმენტული მუსიკა, როგორც ფილმის ვიზუალურ-ემოციური სამყაროს ერთგვარი დრამატურგიული ფონი („ბაში-აჩუკი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „მაია წყნეთელი“, „ჯარისკაცის მამა“ – კომპ. ს. ცინცაძე; „ჩვენი ეზო“, „სხვისი შვილები“ – კომპ. ა. კერესელიძე; „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ – კომპ. დ. თორაძე და სხვ.). მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვოკალური მუსიკა (სიმღერა), როგორც პერსონაჟის დახასიათების საშუალება („ჩრდილი გზაზე“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“ – კომპ. ს. ცინცაძე; „საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „შეწყვეტილი სიმღერა“, „კეთილი ადამიანები“ – კომპ. რ. ლაღიძე) ან ჩადგმული ნომერი („წარსული ზაფხული“ – კომპ. ო. გორდელი; „ყვავილი თოვლზე“– კომპ. რ. ლაღიძე; „შეხვედრა მთაში“ – კომპ. ბ. კვერნაძე და სხვ.).

კინომუსიკა. კადრი ფილმიდან "საბუდარელი ჭაბუკი". მსახიობები: ი. კ ა ხ ი ა ნ ი – გოგიტა,
გ. ტ ყ ე ბ ლ ა ძ ე – საჩინო.
რეჟისორი შ. მ ა ნ ა გ ა ძ ე. 1957.

60–70-იანი წლების ქართულ კ-ში თავს იჩენს კამერული თემები, იზრდება გამოსახულების მიმართ კადრგარე საავტორო ან კომპილაციური მუსიკის „კონტრაპუნქტული“ გამოყენების მნიშვნელობა („დიდი მწვანე ველი“ – კომპ. ნ. მამისაშვილი; „არაჩვეულებრივი გამოფენა, „არ იდარდო!“ – კომპ. გ. ყანჩელი; „ვედრება“ – კომპ. ნ. გაბუნია; „შერეკილები“ – კომპ. გ. ყანჩელი, ჯ. კახიძე; „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ – კომპ. ვ. კუხიანიძე; „უბედურება“ – კომპ. თ. ბაკურაძე). კადრშიგა მუსიკას გამორჩეული კულტურით იყენებს ო. იოსელიანი ფილმებში: „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“. კომპილაციური მუსიკის გამოყენების საუკეთესო ნიმუშებია მ. კობახიძის კინომინიატიურები („ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“). ამავე წლებში შეიქმნა კინომიუზიკლები: „ვერის უბნის მელოდიები“ (კომპ. გ. ცაბაძე) და „აურზაური სალხინეთში“ (კომპ. ნ. გაბუნია).

80-იან წლებში გაჩნდა ახ. ტენდენციები – წინ წამოიწია სონორულმა, ელექტროაკუსტიკურმა ეფექტებმა. ტრადიციამ და დაგროვებულმა გამოცდილებამ განვითარება პოვა შემდგომ წლებში შექმნილი ფილმების ხმოვან-მუსიკალურ გაფორმებაში.

ქართული კ-ის მხატვრულმა ღირებულებამ განაპირობა ცალკეული ფილმებისათვის შექმნილი კომპოზიციების (ა. მაჭავარიანის, ს. ცინცაძის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის და სხვათა კ.) გაერთიანება დამოუკიდებელ ნაწარმოებებად – საორკესტრო სიუიტებად საკონცერტო შესრულებისთვის; სიმღერები ფილმებიდან დამოუკიდებლად დამკვიდრდა ესტრადასა და ყოფაში, მაგ., ა. ბალანჩივაძის „ზესტაფონო, გშორდები“ („დაკარგული სამოთხე“) და ა. მაჭავარიანის ,,მინდვრად ვნახე თეთრი ქვაო“ („აკაკის აკვანი“) იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხურ სიმღერებად მიაჩნდათ. ასევე პოპულარულია ა. კერესელიძის ,,მენახშირე ბიჭის სიმღერა“ (,,მაგდანას ლურჯა“), ს. ცინცაძის ჭრიჭინასა (,,ჭრიჭინა“) და აბეზარას (,,აბეზარა“) სიმღერები, რ. ლაღიძის „გულს რად მიკლავ“ (,,საბუდარელი ჭაბუკი“), „კარკუჩით ჩამაიყვანეს“ („ხევისბერი გოჩა“), „ჩახედე მეგობარს თვალებში“ (,,კეთილი ადამიანები“) და „წუთისოფელი ასეა...“ („წუთისოფელი“), დ. თორაძის რომანსი ფილმიდან ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, ბ. კვერნაძის „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“ („შეხვედრა მთაში“) და ,,გულო, ნუ გეშინია“ (,,დათა თუთაშხია“), გ. ყანჩელის „ჩიტო-გვრიტო“ (,,მიმინო“) და „ჰერიო, ბიჭებო“ („მშობლიურო ჩემო მიწავ“), ჯ. კახიძის „შენ დაგეძებ, დილაა თუ ბინდია“ და მრავალი სხვ.

კინომუსიკა. კადრი ფილმიდან "რაჭა ჩემო სიყვარულო". მსახიობები:
ბ. კ ა კ ა ბ ა ძ ე – ზაური,
ა. ჩ უ ნ ბ ე რ ლ ი კ ო ვ ა – დარინა.
რეჟისორები თ. ფალავანდიშვილი, ი. მედვედი. 1977.

კ-ის ჟანრში (მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნ. პოპულ. და ანიმაციური კინო) წარმატებით მუშაობდნენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორები.

ლიტ.: კორძაია მ., ოთარ იოსელიანის ფილმების მუსიკალური ესთეტიკა, „საბჭოთა ხელოვნება“, 1983, №2; ორჯონიკიძე გ., ქართული კინომუსიკის პრობლემები, „საბჭოთა ხელოვნება“, 1991, №6–8; სიგუა ლ., ხმოვანი კინოს სათავეებთან, „კინო“, 1985, №4; ფილმის ჟღერადობა (საუბარი ე. შენგელაიასთან), „საბჭოთა ხელოვნება“, 1987, №10; ქართული კინო. ენციკლოპედიური ლექსიკონი (1896–2011); შემდგ. მ. კერესელიძე. თბ., 2011; ხმის როლი თანამედროვე კინოში (საუბარი მ. კოკოჩაშვილთან), „საბჭოთა ხელოვნება“, 1987, №2; Лисса З., Эстетика киномузыки, М., 1970; Шилова И., Фильм и его музыка, М., 1973; Cooke M., A History of Film Music. – Cambridge University Press, 2008; Wierzbicki J., Film music: A History – New York, 2009; Eisler Н., Composing for the films, N. Y., 1947.

მ. კერესელიძე