კონდამიანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. აგებულია წმ. კოზმასა და დამიანეს სახელზე. მდებარეობს სოფ. კისისხევის სამხრ-ით ექვსიოდე კმ-ზე, მდ. კისისხევის მარცხ. ნაპირის ბუნებრივად მოვაკებულ მოედანზე. ეკლესიის ეზოს ირგვლივ ერტყა რიყის ქვით ნაგები დაბალი გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტულად). კ. ადრეული ტიპის სამეკლესიიანი ბაზილიკაა (VI–VII სს.). შენობის გეგმის გარეგან მართკუთხედში ჩაწერილია გვერდიგვერდ განლაგებული, ყრუ კედლებით გამიჯნული სამი სადგომი, რ-ებიც დამოუკიდებელი ეკლესიებია და ერთმანეთთან გამყოფ კედლებში გაჭრილი თითო თაღოვანი კარითაა დაკავშირებული. შენობა აგებულია შერჩეული რიყის ქვის სწორი რიგებით. კარ-სარკმლების ღიობები, იმპოსტები და ზოგიერთი თაღი გამოყვანილია სუფთად თლილი მოყვითალო ფერის შირიმით. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით უფრო მაღალი და ვრცელია. იგი აღმ-ით დასრულებულია ნალისებრი გეგმის აფსიდით. მთავარი ეკლესია ექვსი სარკმლით ნათდებოდა. თითო სარკმელი აღმ-ით და დას-ითაა, ორ-ორი – გრძივ კედლებში. მოგვიანებით, კამარის განახლების დროს, მის დასაყრდნობად ეკლესიის დას. კედელზე, მიაშენეს ერთიანი საყრდენი კედელი. მოგვიანებითაა აგებული ასევე კანკელიც (შემორჩენილია ნაშთები). ჩრდ. ეკლესია გადახურულია რიყის ქვის კამარით საბჯენი თაღების გარეშე. ჩრდ. ნავის აღმ. ბოლოში სამკვეთლოსათვის გამოყოფილია ოთხკუთხა სათავსი, რ-ის შესასვლელი ნავის დას. ნაწილიდანაა. ეს უკანასკნელი გარედან გახსნილია შირიმის კვადრებით ნაწყობი, იმპოსტებზე დაყრდნობილი ორმაგი ნალისებრი თაღით. სამხრ. ეკლესიას შესაბამისი ნავის აღმ. ნახევარი უჭირავს. იგი აფსიდიანი, უსარკმლო მცირე სადგომია, რ-ის ქვეშ საძვალეა. ნავის დანარჩენი სივრცე სამხრ-ით ორ კვადრატულ ბოძზე დაყრდნობილი სამმალიანი თაღედითაა გახსნილი. ეკლესიის კედლები გარედან დასრულებული ყოფილა თაროსებრი, ნალისებრი თაღების მწკრივით მორთული ლავგარდნით. ეკლესია გადახურული იყო კრამიტით. სამხრ.–დას-ით, ეკლესიიდან რამდენიმე ნაბიჯზე მოჩანს ნაგებობის ნიშნები, სამხრ-ით კი, ეკლესიასთან ახლოს, შიგნიდან შელესილი მოზრდილი აუზია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1–2, თბ., 2015; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.