კინომცოდნეობა, მეცნიერება კინოს შესახებ, ხელოვნებათმცოდნეობის დამოუკიდებელი დარგი, რომელიც შეისწავლის კინოხელოვნების თეორიასა და ისტორიას. კ. კინოს განიხილავს სოც., ეკონ., პოლიტ. პირობებისა და კულტურის კონტექსტში ხელოვნების სხვა დარგებთან მიმართებით. მისი განსაკუთრებული და განუყოფელი ნაწილია კინოკრიტიკა. კინოს თეორია იკვლევს კინოხელოვნების ბუნებას, მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებსა და კანონზომიერებებს, მის სოც. კულტ. როლს. კინოს ისტორია შეისწავლის კინოპროცესს – კინოხელოვნებისა და მისი სახეობების, ჟანრების, სხვადასხვა სტილის, შემოქმედებითი მეთოდების, მიმართულებების, სკოლების, მხატვრული ინდივიდუალიზმის, ფილმის მხატვრული კომპონენტების, აგრეთვე ტექნიკის, კინოწარმოებისა და თვით კ-ის განვითარების საზ.-ესთეტ. კანონზომიერებებს.
კინოკრიტიკა ახდენს თანამედროვე პროცესის შეფასებას, ფილმების ოპერატიულ რეცენზირებას. კ. ვითარდება ფილოს. მეცნიერებებთან, განსაკუთრებით ესთეტიკასთან მჭიდრო კავშირში. დაკავშირებულია ხელოვნებათმცოდნეობის სხვა სფეროებთან, აგრეთვე ისტორიასთან, სოციოლოგიასთან, ფსიქოლოგიასთან, სემიოტიკასთან და ა. შ. კ-ის დამხმარე დისციპლინებია ფილმოგრაფია და კინობიბლიოგრაფია, რ-თა ფუნქცია არის ფილმებისა და კინოს შესახებ შექმნილი ლიტ-რის აღწერა და სისტემატიზაცია. კ-ის სამეცნ. დისციპლინად ჩამოყალიბებაში სხვადასხვა ეტაპზე დიდი წვლილი შეიტანეს პრაქტიკოსმა კინემატოგრაფისტებმა, კინოს ისტორიკოსებმა და თეორეტიკოსებმა, სოციოლოგებმა, ფილოსოფოსებმა, ზოგადჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერებმა და ა. შ.
საქართველოში კინოს, როგორც ხელოვნების დარგის, გააზრება დაიწყო XX ს. დასაწყისში (შ. დადიანი, ი. იმედაშვილი, პ. თუმანიშვილი). XX ს. 20–30-იანი წლების მიჯნაზე გამოქვეყნდა პირველი მონოგრაფიული ნაშრომები (ს. ამაღლობელი, მ. დუდუჩავა); 40–50-იან წლებში მომზადდა ნიადაგი ქართ. კინოს ისტორიის მეცნ. შესწავლისათვის (კ. გოგოძე). კომპლექსური კვლევა დაიწყო 60-იან წლებში. ჩამოყალიბდა კინომცოდნეთა ძირითადი ბირთვი (კ. წერეთელი, ო. თაბუკაშვილი, ნ. ამირეჯიბი, ტ. თვალჭრელიძე, ი. კუჭუხიძე, ო. სეფიაშვილი, გ. დოლიძე, გ. ჟვანია, ლ. დულარიძე, რ. თიკანაძე), რ-საც შეუერთდა ახ. თაობა (ე. ოკუჯავა, მ. კერესელიძე, გ. გვახარია, პ. იაკაშვილი, თ. დულარიძე, ზ. დოლიძე, ლ. ოჩიაური, ლ. კალანდარიშვილი, ნ. მხეიძე, ნ. თუთბერიძე და სხვ).
ქართ. კ-ის განვითარებას ხელი შეუწყო სამეცნ. ცენტრების ჩამოყალიბებამ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტსა (თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნ.- კვლ. სექტორი, 1970–2006) და თსუ-ში (კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია, 1987–2006). შეიქმნა მნიშვნელოვანი სამეცნ. ნაშრომები, რ-თა შორის აღსანიშნავია „მუნჯი პერიოდის ქართული კინოს მხატვრული ტენდენციები“ (ნ. ამირეჯიბი), „ნიკოლოზ შენგელაია და ეროვნული კინოკულტურის ჩამოყალიბება“ (ო. თაბუკაშვილი), „ქართული დოკუმენტური კინო“ (გ. ჟვანია), „თანამედროვე ქართული კინოს სტილური მრავალფეროვნება“ (ი. კუჭუხიძე), „პლასტიკური ხელოვნების ტრადიციები ქართული ფილმების სახვით გადაწყვეტაში“ (გ. გვახარია), „ადამიანის პრობლემის არსი კინოხელოვნებაში“ (ნ. ამირეჯიბი), „დავით კაკაბაძე თეატრსა და კინოში“ (ე. ოკუჯავა), „ჟანრის პრობლემა ქართულ კინოში“ (მ. ლეკბორაშვილი), „იდეოლოგიური ცენზურა უხმო პერიოდის ქართულ კინოში“ (პ. იაკაშვილი), „ქართული საოპერატორო ხელოვნება“ (მ. ლევანიძე), „ეროვნული და სოციალური საკითხები XX ს. 20- იანი წლების ქართულ კინოში“ (ო. ჟღენტი), „ეკრანული თხრობა თანამედროვე ქართულ ფილმებში“ (ლ. კალანდარიშვილი), „ქართული კინომცოდნეობა – კრიტიკისა და ცენზურის ურთიერთობის ისტორია“ (გ. რაზმაძე) და სხვ.
გამოქვეყნდა წიგნები ქართ. და მსოფლიო კინოს აქტუალურ საკითხებზე (ტ. თვალჭრელიძის „სიმართლე ეკრანზე“, 1981; „კინემატოგრაფიული ძიებანი“, 1989; ი. კუჭუხიძის „ეკრანი და დრო“, 2009; დ. მაღლაკელიძის „კინოს თეორიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები“, 2013), კინოხელოვანთა შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და კრებულები („სოფიკო ჭიაურელი“, ო. თაბუკაშვილი, 1968; „ლეილა აბაშიძე“, კ. წერეთელი, 1973; „თენგიზ აბულაძე. კინორეჟისორის პორტრეტი“, ლ. დულარიძე, 1983; „დოდო აბაშიძე“, კ. წერეთელი, 1984; „მერაბ კოკოჩაშვილი“, მ. კერესელიძე, 2005; „ქართველი კინორეჟისორები“, ავტორთა კოლექტივი, 2005–06; „დავით კაკაბაძე და კინემატოგრაფი“, ე. ოკუჯავა, 2008; „ნიკოლოზ შენგელაია“, მ. კერესელიძე, 2014; „ნატო ვაჩნაძე“, მ. კერესელიძე, 2014; „სულიკო ჟღენტი“, ო. ჟღენტი, 2015; „კოტე მიქაბერიძე“, ნ. ძანძავა, ს. დუმბაძე, 2017; „კალატოზიშვილი (კალატოზოვი)“, გ. გვახარია, 2019; „ფარაჯანოვი“, თ. ხატიაშვილი, 2019 და სხვ.), გამოიცა ქართ. კინოს პირველი ენციკლოპედიური ლექსიკონი „ქართული კინო. 1896–2011“ (მ. კერესელიძე, 2011).
მასალები კინოს შესახებ ქვეყნდებოდა პერიოდულ გამოცემებში „თეატრი და ცხოვრება“ (1910– 26) და „საბჭოთა ხელოვნება“ („ხელოვნება“, 1924–2004); სპეციალურ კინოპერიოდიკაში: „ახალი ფილმები“ (1966–90), ალმანახი „კინო“ (1975–91), „კინო – ცხელი შოკოლადი“ (2006–08), „ფილმპრინი“ (2013–19). 2007- იდან გამოდის სამეცნ. კრებული: „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“, 2020-იდან – ჟურნ. „კინო“.
მ. კერესელიძე