კინოხელოვნება, ხელოვნების დარგი წარმოადგენს ლიტერატურის, თეატრის, სახვ. ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზს, განხორციელებულს მხოლოდ კ-თვის დამახასიათებელი გამომსახველობითი საშუალებებით – ძირითადია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. კ. სინთეზურ ხელოვნებათა სისტემაში დამკვიდრდა XX ს. დასაწყისიდან. მისი წარმოშობის წინაპირობა იყო კინემატოგრაფის გამოგონება. კ. დამოკიდებულია ტექ. და ტექნოლოგიების განვითარებაზე (მოძრავი გამოსახულების ფირზე დაფიქსირება, გახმოვანება, კინოფირის დამუშავება, პროექცირება და ა. შ.), ამიტომ მას ე. წ. ტექ. ხელოვნებათა სახეობას მიაკუთვნებენ და განუყოფლადაა დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან (იხ. კინემატოგრაფია).
კ-ის შემოქმედებითი შრომის ნაყოფი არის ფილმი, რ-საც ქმნის გადამღები ჯგუფი (სცენარისტი, რეჟისორი, მხატვარი, კინოოპერატორი, კომპოზიტორი, მონტაჟორი, სახიობით ფილმში - მსახიობები, აგრეთვე სხვა შემოქმედებითი, ტექ. და ადმ. თანამშრომლები). კ-ის ნაწარმოების შესაქმნელად კინოფირსა ან სხვა მატარებელზე გადააქვთ რეალური, საგანგებოდ ინსცენირებული ან ანიმაციის ხერხებით შექმნილი მოვლენები. კ-ის ძირითადი სახეობებია მხატვრული (სახიობითი და ანიმაციური), დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული კინო.
კ-მ ჩამოყალიბებისა და განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. უხმო („მუნჯი“) კინოს ეპოქის (1895–1918) დასაწყისში კინოსეანსების პროგრამებში დოკუმენტურ სიუჟეტებთან ერთად აჩვენებდნენ სახიობით (კომიკურ, მელოდრამატულ, ფეერიულ და სხვ.) ფილმებს. ადრეული პრაქტიკა ორიენტირებული იყო ხელოვნ. ტრადიც. სახეობებისა და ფორმების გამოცდილებაზე (საცირკო სანახაობიდან დრამ. თეატრამდე, ფერწერული და სცენოგრაფიული გამომსახველობიდან ბელეტრისტულ თხრობამდე). თანდათან შემუშავდა საეკრანო ხელოვნ. სპეციფ. გამომსახველობითი საშუალებები. საკუთარი ესთეტიკური პრინციპებისა და პოეტიკის საფუძვლების შეცნობა მსოფლიო კ-ში დაკავშირებულია ექსპერიმენტებთან, კინოს ბუნების თავისებურებათა თეორიულ გააზრებასთან. კინოს ვიზუალური შესაძლებლობების განვითარებასა და კინოენის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სხვადასხვა ქვეყანაში პარალელურად აღმოცენებულმა სკოლებმა და მიმდინარეობებმა (ამერ. თხრობითი სკოლა, იტალ. ფუტურიზმი, ფრანგ. ავანგარდი და იმპრესიონიზმი, გერმ. კამერული დრამა და კინოექსპრესიონიზმი, შვედური სკოლა, საბჭოთა რევოლუციური ავანგარდი და სხვ.). მომდევნო ეტაპზე ტექ. განვითრებამ (ხმა, ფერი, ეკრანის ფორმატი, მობილური გადამღები აპარატურა, მოცულობითი ხმა და სხვ.) გააფართოვა კ-ის შესაძლებლობები, გაამდიდრა გამომსახველობითი პალიტრა. დამკვიდრდა პოპულ. ჟანრების სიტემა (კინოკომედია, მელოდრამა, ისტ. დრამა, კლასიკის ეკრანიზაცია, ფილმი ზღაპარი, მიუზიკლი, დეტექტივი, კრიმინალური დრამა, თრილერი, სოციალური დრამა, ვესტერნი, და სხვ.). სხვადასხვა ეტაპზე კ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ახალმა მიმართულებებმა (ფრანგ. პოეტური რეალიზმი, იტალ. ნეორელიზმი, ფრანგ. ახალი ტალღა, გერმ. ახალი კინო, დანიური დოგმა და სხვ.). XX ს. II ნახ. და XXI ს. დასაწყისის კინოესთეტიკისა და თვით კ-ის განვითარებაზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა თეორ.-მხატვრულმა კონცეფციამ (ა. ბაზენი, ზ. კრაკაუერი, პ. გრინაუეი, ჟ. დელიოზი და სხვ.).
საქართველოში კ. ეროვნ. კულტურის ტრადიციებთან მჭიდრო კავშირში ვითრდებოდა. ლიუმიერების „ცოცხალი სურათების“ პირველი სეანსი 1896 წ. 16 ნოემბერს თბილისის, სათავადაზნაურო თეატრში გაიმართა. თავდაპირველად ფილმებს სახლებსა და საზ. თავშეყრის ადგილებში აჩვენებდნენ. XX ს. 10-იან წლებში საქართველოში ოცზე მეტი კინოთეატრი არსებობდა. საქმიანობა ჰქონდა გაჩაღებული უცხოურ კერძო ფირმებს პატე, გომონი (საფრ.), ჩინეზი და ამბროზიო (იტალ.). კავკასია და საქართველო – ფილმების ეგზოტიკურ გარემოში გადასაღებ მოედნად გადაიქცა (1910–12 აქ ფილმები გადაიღეს ჯ. ვიტორტიმ,იტალ. კ. ჰ. ჰაილანდმა, გერმ.). ამავე პერიოდში სენემატოგრაფით ქართული ლიტ-რისა და თეატრის მოღვაწენიც დაინტერესდნენ. 1909 ვ. გუნიას ინიციატივით კინოფირზე აღბეჭდეს სოც. კომედია „ბერიკაობა-ყეენობა“ (ფილმი არ შემონახულა). 1910 – იდან კინოთეატრებმა დაიწყეს საკუთარი კინოქრონიკის გადაღება (ვ. ამაშუკელმა – ქუთაისში, ა. დიღმელოვმა – თბილისში).
ქართული კინო პირველ ნაბიჯებს იმ მწერლების და საზ. მოღვაწეების (შ. დადიანი, ი. იმედაშვილი და სხვ.) მხარდაჭერით დგამდა, რ-ებიც პრესაში აქვეყნებდნენ წერილებს ქართ. ყოფისა და ისტ. ამსახველი ფილმების გადაღების აუცილებლობის შესახებ. 1915 გ. გოგიტიძემ ჩამოაყალიბა საკუთარი კინოფირმა. მისივე თაოსნობით 1916 ა. წუწუნავამ ე. ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინეს“ მიხედვით გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი (პრემიერა შედგა 1919).
საქართვ. დემოკრ. რესპ. არსებობის დროს (1918–21) გ. გოგიტიძის უშუალო მონაწილეობით შეიქმნა იმდროინდელი პოლიტ. და საზ. ცხოვრების მატიანე („სოციალისტური დელეგაცია საქართველოში“, „ბათუმის გადაცემა საქართველოსთვის“, „1919 წლის 26 მაისი“, „სახალხო გვარდიის აღლუმი“ და სხვ.).
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ ერთგვარად განსაზღვრა ქართული კ-ის განვითარების გზა. 1921 წ. 11 აპრილს განათლების სახ. კომისარიატთან (განსახკომი) შეიქმნა კინოს სექცია. 1921 ეკრანებზე გამოვიდა პირველი ქართ. საბჭოთა მხატვრული ფილმი „არსენა ჯორჯიაშვილი“ („გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა“, რეჟ. ი. პერესტიანი, სცენარი ავტ. შ. დადიანისა).
განსახკომის დავალებით მოხდა საქართვ. ყველა კინოთეატრის ნაციონალიზაცია. შემდგომში კინოწარმოება მონოპოლიური კი –ნოფიკაციისაგან მიღებული შემოსავალით ფინანსდებოდა.
1923 სექტემბერში განსახკომის კინოსექციის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა სააქციო საზ-ბა. „საქართველოს სახელმწიფო კინომრეწველობა“ (სახკინმრეწვი), რომლის მეწილეები სახელმწ. დაწესებულებები იყო. საბჭ. პოლიტიკისა და იდეოლოგიის ერთ-ერთი გამოვლენა იყო სათავგადასავლო ფილმი „წითელი ეშმაკუნები“ (რეჟ. ი. პერესტიანი, 1923). სახკინმრეწვი ახორციელებდა ქართ. ლიტ-რის კლასიკურ ნაწარმოებთა ეკრანიზაციას: დაიდგა დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ (რეჟ. ი. პერესტიანი, 1923), ა. ყაზბეგის „მამის მკვლელი“ (რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი, 1924), ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე“ (რეჟ. ა. წუწუნავა, 1925) და სხვ. დიდი წარმატება ხვდა მელოდრამას „სამი სიცოცხლე“ (ი. პერესტიანი, 1925) და ისტ. ეპოპეას „ჯანყი გურიაში“ (ე. ნინოშვილის რომანის მიხედვით; რეჟ. ა. წუწუნავა, 1929). ამ პერიოდში ქართულ ეკრანს მოევლინა მსახიობი ნ. ვაჩნაძე. XX ს. 20-იან წლების ქართ. კინოს ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარების გზების განსაზღვრაში დიდი წვლილი შეიტანეს თეატრის, ლიტერატურისა და სხვა ხელოვნების მოღვაწეებმა. განახლებული ქართული თეატრის იდეები კინოში შემოიტანა კ. მარჯანიშვილმა. მისმა ფილმმა „სამანიშვილის დედინაცვალი“ (დ. კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1926) და ა. წუწუნავას „ხანუმამ“ (ა. ცაგარლის პიესის მიხედვით, 1927) სათავე დაუდეს ქართ. კინოკომედიის მდიდარ ტრადიციას.
ახალი ხელოვნების სწრაფ განვითარებას ხელი შეუწყო 20-იანი წლების საქართვ. კულტურულმა ატმოსფერომ. ამ პერიოდის საუკეთესო ფილმები: ნ. შენგელაიას – „ელისო“ (ა. ყაზბეგის მოთხრობის მიხედვით, 1928), კ. მიქაბერიძის სატირული კომედია „ჩემი ბებია“ (1929), მ. კალატოზიშვილის მხატვრ.-დოკუმენტური ესე „ჯიმ შვანთე!“ (1930) და მ. ჭიაურელის „საბა“ (1929) უკვე ამჟღავნებენ ნოვატორულ ძიებათა მრავალფეროვნებას, კინოენის პროფესიულად გააზრებულ ფლობას. ფილმების შექმნაში მონაწილეობდნენ მხატვრები: დ. შევარდნაძე („ელისო“), ი. გამრეკელი და ვ. სიდამონ-ერისთავი („ჩემი ბებია“), დ. კაკაბაძე („ჯიმ შვანთე!“, „საბა“), ლ. გუდიაშვილი („საბა“). ეროვნულ პლასტიკურ ტრადიციებთან დასავლური და რუსული ავანგარდის ძიებების შერწყმით ამ ფილმებმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს ეპოქის გამორჩეულ მხატვრულ მოვლენათა რიგში.
30-იან წლებში საბჭ. ხელოვნებაში გაბატონებულმა „სოციალისტური რეალიზმის“ მეთოდმა, ბრძოლამ „კოსმოპოლიტიზმისა“ და „ფორმალიზმის“ წინააღმდეგ შეაფერხა წარმატებით დაწყებული ძიებები. ფორმალიზმის ბრალდებით აიკრძალა კ. მიქაბერიძის „ჩემი ბებია“. საგანგებო კომისიამ, „ისტორიის დამახინჯების“ საბაბით, უარყო მ. კალატოზიშვილის სცენარი კავკასიის ხალხთა ბრძოლაზე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ნ. შენგელაიას აუკრძალეს მუშაობა ფილმზე „გატეხილი ყამირი“ (მ. შოლოხოვის რომანის მიხედვით) და საკოლმეურნეო თემაზე ფილმის გადაღება ეროვნულ მასალაზე დაყრდნობით ურჩიეს (ასე შეიქმნა ფილმი „ნარინჯის ველი“, 1937). ფილმების თემატიკას პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავდა. ძირითად რეპერტუარს „წარსულის გადმონაშთებთან“, საბჭოთა ხელისუფლების მტრებთან ბრძოლის, საკოლმეურნეო ცხოვრების იდილიის ამსახველი ფილმები შეადგენდნენ („ხაბარდა“, 1931, რეჟ. მ. ჭიაურელი, „ახალგაზრდობა იმარჯვებს“, რეჟ. მ. გელოვანი, 1928; „უგუბზიარა“, რეჟ. დ. რონდელი, 1930; პირველი ხმოვანი ფილმი „შაქირი“, რეჟ. ლ. ესაკია, 1932; სატირული კომედიები „ნახვამდის“, რეჟ. გ. მაკაროვი, 1934 და „ჟუჟუნას მზითევი“, რეჟ. ს. ფალავანდიშვილი, 1934; ქართველ მენშევიკთა მამხილებელი სატირა „უკანასკნელი მასკარადი“, რეჟ. მ. ჭიაურელი 1934 და სხვ.). პატრიარქალურ საზ-ბაში მიმდინარე გარდაქმნათა მტკივნეულ პროცესზე გადაღებულ ფილმებს შორის საყურადღებოა „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (რეჟ. ს. დოლიძე, 1934). პოპულარობით სარგებლობდა ფილმები სოც. სამართლიანობისთვის მებრძოლ სახალხო გმირებზე: „დარიკო“ (რეჟ. ს. დოლიძე, 1936) და „არსენა“ (რეჟ. მ. ჭიაურელი 1937). ამავე პერიოდში ეკრანებზე გამოვიდა დ. რონდელის კინოკომედია „დაკარგული სამოთხე“ (დ. კლდიაშვილის მოთხრობების მოტივებზე, 1937).
40-იანი წლების ფილმების თემატიკა და ხასიათი II მსოფლიო ომმა განსაზღვრა. კინოპროდუქციას (1938-იდან გამოდიოდა „თბილისის კინოსტუდიის“ მარკით) წარმოადგენენ პატრიოტული სულისკვეთების გამომხატველი სათავგადასავლო ფილმები („შავ მთებში“, რეჟ. ნ. შენგელაია, 1941; „ხიდი“, რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1942; მუს. ფილმი „ჯურღაის ფარი“, რეჟ.-ები ს. დოლიძე, დ. რონდელი, 1944). მ. ჭიაურელმა სტალინის უშუალო მითითებების და შენიშვნების გათვალისწინებით დადგა ისტ.-ბიოგრაფიული დრამა „გიორგი სააკაძე“ (1942–43).
ომში გამარჯვებული ქვეყანა კინოხელოვნებას იყენებდა თავისი ძლევამოსილების დემონსტრირებისათვის. ეკრანებზე გამოვიდა სტალინის ეპოქის კინომითოლოგიის კლასიკური ნიმუშები – მ. ჭიაურელის „ფიცი“ (1946), „ბერლინის დაცემა“ (1949) და „დაუვიწყარი 1919“ (1952; სამივე „მოსფილმი“). ამავე პერიოდშია გადაღებული ბიოგრაფიული ფილმები „დავით გურამიშვილი“ (რეჟ.-ები ნ. სანიშვილი, ი. თუმანიშვილი, 1946) და „აკაკის აკვანი“ (რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1947), მუს. კომედია „ქეთო და კოტე“ (რეჟ.- ები ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1948).
1945–53 საბჭ. ფილმწარმოება მნიშვნელოვნად დაეცა, „თბილისის კინოსტუდიამ“ მხოლოდ 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა, რომელთა მხატვრული დონე ეპოქის ადეკვატურია (ამაღლებული სტილი, იდილიური რეალობა, სტერეოტიპული პერსონაჟები).
ნ. ხრუშჩოვის ე.წ. „ოტტეპელის“ ეპოქის პირველი ათწლეულის კ. შედარებით განთავისუფლდა სტალინური იდეოლოგიის წნეხისგან. ყურადღების ცენტრში უბრალო ადამიანი, მისი პირადი ცხოვრება და შინაგანი განცდები მოექცა. 1953 „თბილისის კინოსტუდიას“ „ქართული ფილმი“ ეწოდა. 50-იან წლებში აქ გადაიღეს კომედიები „ჭრიჭინა“ (რეჟ.-ები ს. დოლიძე, ლ. ხოტივარი, 1954), „აბეზარა“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1956), კინომოთხრობები „საბუდარელი ჭაბუკი“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1957), „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (რეჟ. ს. დოლიძე, 1959), ეკრანზე გადაიტანეს ა. წერეთლის „ბაში-აჩუკი“ (რეჟ. ლ. ესაკია, 1956), ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1957), მ. ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1957), კ. ხეთაგუროვის „ფატიმა“ (რეჟ. ს. დოლიძე, 1958), უიარაღოს „მამლუქი“ (რეჟ. დ. რონდელი, 1958), ვ. კანდელაკის პიესა „მაია წყნეთელი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1959). ჩეხოსლოვაკიის სტუდია „კოლიბასთან“ ერთად შეიქმნა პირველი ერთობლივი ფილმი „შეწყვეტილი სიმღერა“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1960).
ამავე პერიოდში ქართულ კინოში მოვიდა რეჟისორთა ახალი თაობა, რ-იც გაემიჯნა 30-40-იანი წლების საბჭოთა აკადემიზმის ტრადიციას და ქართ. კინოს პიონერთა მონაპოვარზე დაყრდნობით ძირფესვიანად განაახლა კ-სადმი დამოკიდებულება. ახალი ეტაპის დასაწყისის მაუწყებელი იყო ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით, რეჟ.-ები თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955), რომელმაც ავტორებს საერთშ. აღიარება მოუტანა (კანის სკფ-ის პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის, 1966). მათივე შემდგომმა ფილმებმა („ჩვენი ეზო“, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1956, „სხვისი შვილები“, რეჟ. თ. აბულაძე, 1958) ნიადაგი მოამზადა თანამედროვე თემებისა და პრობლემების მხატვრული კვლევის ახალი გზების ძიებისათვის.
1960–70 განაგრძობდნენ მუშაობას უფროსი თაობის რეჟისორები: ს. დოლიძე, დ. რონდელი, შ. მანაგაძე, ნ. სანიშვილი, ლ. ხოტივარი, მაგრამ XX ს. II ნახევრის ქართ. კ-ის სახე 60–70-იანელთა თაობის კინორეჟისორებმა ჩამოაყალიბეს. მისი მთავარი თავისებურებაა თხრობის პოეტურ-მეტაფორული სტილი, იგავის ენა, იუმორი და მკვეთრად გამოხატული ეროვნ. ხასიათის „უცნაური“ პერსონაჟები, რომლებიც რეალურ, ხშირად პირობით, გამოგონილ გარემოში მოქმედებდნენ. პირობითობის მიუხედავად ქართ. კინოს არასოდეს დაუკარგავს კავშირი ეროვნულ ფესვებთან და რეალურ ცხოვრებასთან. საუკეთესო ნიმუშებში ქართ. კინო ისწრაფოდა იდეალურის დამკვიდრებისაკენ, რაც მისი თვითმყოფადობის არსებითი ნიშანი გახდა. თ. აბულაძის, რ. ჩხეიძის, ე. შენგელაიას, გ. შენგელაიას, ო. დ. იოსელიანის, მ. კოკოჩაშვილის, ლ. ღოღობერიძის, მ. კობახიძის, ნ. მჭედლიძის, ა. რეხვიაშვილის, რ. ესაძის, ი. კვირიკაძის, გ. ი. კანდელაკის, ქ. ხოტივარის, რ. ხოტივარის, ლ. შ. ელიავას, ი. ჩხაიძის ნ. მანაგაძის ფილმები სხვადასხვაგვარად მოგვითხრობენ ადამიანზე, მის სულიერ სამყაროზე, ყოფიერების რთულ ფილოსოფიურ და ზნეობრივ პრობლემებზე, ისტორიასთან და ტრადიციებთან კავშირზე. ქართული კინოს თავისებური მომხიბვლელობა შესძინა ს. ფარაჯანოვის მიერ საქართველოში გადაღებულმა ფილმებმა („სურამის ციხე“; 1984, „აშუღ-ყარიბი“, 1988). 1972 შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში გაიხსნა კინოფაკ-ტი, რ-ის კურსდამთვრებულებმა – 80-იანელთა თაობის რეჟისორებმა (თ. ბაბლუანი, ნ. ჯორჯაძე, დ. ჯანელიძე დ. ცინცაძე, გ. ჩოხელი, ვ. კოტეტიშვილი, ა. ცაბაძე, ლ. ზაქარეიშვილი, ნ. ჯანელიძე, ზ. ურუშაძე, ლ. თუთბერიძე და სხვ.) ქართ. კინოში მოიტანეს ახალი თემები, შეეცადნენ სოც. ცხოვრების ხელუხლებელი პლასტების გამოკვლევას.
90-იან წლებში, საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართ. კ-ში დრამატული ცვლილებები მოხდა. განადგურებული საწარმოო ბაზისა და გაქირავების ქსელის პირობებში, კ. ინერციით განაგრძობდა არსებობას. შეიქმნა ფილმები, რ-თა თემატიკა და ემოციური განწყობილება ფასეულობათა კრიზისმა განსაზღვრა.
2001, „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართვ. კანონის საფუძველზე შეიქმნა „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“. დაარსდა დამოუკიდებელი კინოკომპანიები, გამოჩნდნენ დამოუკიდებელი პროდიუსერები. ამავე წლებში კინოში მოვიდნენ ახალგაზრდები (გ. ოვაშვილი, ლ. კოღუაშვილი, ნ. ექვთიმიშვილი და სხვ.), რ-მაც განათლება ევროპისა და ამერიკის კინოსკოლებში მიიღეს.
2000–20 გადაღებულ მხატვრულ ფილმებს შორის აღსანიშნავია „თბილისი–თბილისი“ (რეჟ. ლ. ზაქარეიშვილი, 2005), „გასეირნება ყარაბაღში“ (რეჟ. ლ. თუთბერიძე, 2005), „გაღმა ნაპირი“ (2008) და „სიმინდის კუნძული“ (2013, ორივე რეჟ. ოვაშვილი), „კონფლიქტის ზონა“ (რეჟ. ვ. ბურდული, 2009), „ჯაყოს ხიზნები“ (რეჟ. დ. ჯანელიძე, 2009), „ქუჩის დღეები“ (რეჟ. ლ. კოღუაშვილი, 2010), „მანდარინები“ (რეჟ. ზ. ურუშაძე, 2013), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) და „ჩემი ბედნიერი ოჯახი (2017, ორივე რეჟ. მ. ექვთიმიშვილი)და სხვ.
მდიდარი ტრადიცია აქვს ქართულ დოკუმენტურ კინოს, რ-იც „სახკინრეწვის“ კინოქრონიკის სექტორში (1928-იდან) მ. კალატოზიშვილის, ნ. ღოღობერიძის, ს. დოლიძის აქტიური მონაწილეობით ყალიბდებოდა. „სოციალისტური რეალიზმის“ პრინციპების დამკვიდრების შემდეგ ცოცხალი მოვლენის, კონკრეტული ადამიანის ადგილი ეკრანზე დაიკავა მითმა, რ-იც სამი ათწლეულის განმავლობაში სახეს იცვლიდა და ხელს უწყობდა სტერეოტიპებისა და შტამპების დამკვიდრებას. II მსოფლიო ომის წლებში ქართველი დოკუმენტალისტები კავკასიისა და ყირიმის ფრონტებზე ქმნიდნენ ომის უნიკალურ მატიანეს. 1958- იდან სექტორმა ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიის სახით განაგრძო მუშაობა. 60-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების წარმოების მეორე კერა – „ქართული ტელეფილმი“.
ქართულ დოკუმენტალისტიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეჟისორ-პუბლიცისტ გ. ი. ასათიანის მოღვაწეობას; პოეტური ტრადიციებისაკენ მიბრუნება უკავშირდება გ. ჭუბაბრიას და ვ. მიქელაძის შემოქმედებას. აღსანიშნავია რ. თაბუკაშვილის ფილმები უცხოეთში ქართველთა მხედრული გმირობისა და კულტ.- სულიერი საქმიანობის შესახებ, ლ. ბაქრაძის კინომოთხრობები ადამიანზე, გ. პატარაიას ფილმები საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ქართული კულტურის კერებზე, ნ. დროზდოვის პუბლიცისტიკა, ა. ჟღენტის ფილმები სპორტსა და პოლიტიკაზე, მ. გაგუას დოკუმენტური ესეები და სხვ. სამეცნ.-პოპულ. კინოს საფუძველი ჩაუყარეს დ. კ. აბაშიძემ და ნ. ჟუჟუნაძემ. ტრადიცია შემოქმედებითად განავითარეს გ. ჟვანიამ, ს. სტრახოვმა, კ. კერესელიძემ. შეიქმნა მეცნიერთა და ხელოვანთა კინოპორტრეტები და ფილმები საქართვ. მატერ. კულტურის ძეგლებზე (რეჟ-ები ი. კანდელაკი, ო. ჭიაურელი, რ. ჭიაურელი, ი. შველიძე, ჟ. ლომიძე და სხვ.). 1992-იდან ფილმების რაოდენობა შემცირდა, წარმოება შეწყდა. ამჟამად დოკუმენტური ფილმები იქმნება კერძო სტუდიებსა და სამაუწყებლო კომპანიებში.
განვითარების საინტერესო გზა განვლო ანიმაციურმა კინომ (იხ. ანიმალისტური ჟანრი).
თავისი არსებობის განმავლობაში ქართულმა კ-მ საერთაშ. აღიარება მოიპოვა. ქართული ფილმები დაჯილდოებულია მრავალი საერთაშ. კინოფესტივალის პრიზებითა და კინემატოგრაფიული პრემიებით. ქართული კინოს დიდი რეტროსპექტივები ჩატარდა ჟორჟ პომპიდუს სახ. ცენტრში (პარიზი, 1988), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ნიუ-იორკი, 2013), ივანამი ჰოლში (ტოკიო, 2018) და სხვ.; იხ. აგრეთვე კინომცოდნეობა.
ლიტ.: ამირეჯიბი ნ., დროთა ეკრანი, თბ., 1990; გოგიტიძე გ., ქართული კინოს წარსულიდან, თბ., 2013; გოგოძე კ., ნარკვევები ქართული კინემატოგრაფიის ისტორიიდან, თბ., 1950; კუჭუხიძე ი., ეკრანი და დრო, თბ., 2009; ჟვანია გ., ქართული დოკუმენტური კინო, თბ., 1990; ქართველი კინორეჟისორები, წგ. 1–2, თბ., 2005–2006; ფილმოგრაფია. ქართული მხატვრული კინოსურათები, 1916–1975 შემდგ-ები გ. კოპაძე, ქ. ლორთქიფანიძე, თბ. 1978; ქართული ანიმაციური კინოს მატიანე შემდგ. ლ. გორგასლიძე, თბ., 2012; ქართული კინო. 1896-2011. ენციკლოპედიური ლექსიკონი, ავტ. და შემდგ. მ. კერესელიძე, თბ. 2011; ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია 1976-2009 შემდგ-ები ლ. ხოშტარია, ა. შუბაშვილი, თბ., 2010; Амиреджиби Н., На заре грузинского кино, Тб., 1979; Дудучава М., Проблемы национальной кинематографии, Тб., 1933; Тиканадзе Р., Грузинское кино... проблемы, искания, Тб., 1978; Церетели К., Юность экрана. Очерки истории грузинского немого кино, Тб.,1965; Le Cinema Georgien, Paris, 1988.
მ. კერესელიძე