კონვერტერი

კონვერტერი, კონვერტორი (ინგლ. Converter <ლათ. Converto – ვცვლი, გარდავქმნი), სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობასა და ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებული გარდამქმნელი:

  1. მეტალურგიაში – ჰაერის ან ჟანგბადის გაქრევით გამდნარი თუჯისგან ფოლადის, აგრეთვე შტეინში პირველადი სპილენძის ან ფაინშტეინის მისაღები აპარატი. შავ მეტალურგიაში იყენებდნენ ქვემოდან გასაქრევ მჟავაამონაგიან (ბესემერის) და ფუძეამონაგიან (ტომასის) კ-ებს. გავრცელდა აგრეთვე ზემოდან ჟანგბადით გასაქრევი კ-ები (ჟანგბად-კონვერტერები).

საქართველოში კ-ებს იყენებდნენ შავი (რუსთავში) და ფერადი (ზესტაფონში) მეტალურგიის საწარმოებში.

  1. რადიოტექნიკასა და ელექტრონიკაში – ელექტრული სიგნალის პარამეტრების (ძაბვის – DC, CD კ., სიხშირის – ჰეტეროდინები, იმპულსის ხანგრძლივობის და სხვ.) გარდამქმნელები; ელექტროოპტიკური კ. (მაგ., მოწყობილობა, რ-იც ადამიანისთვის უხილავ გამოსახულებას გარდაქმნის ხილულად – ღამის ხედვის კამერა და სხვ.).

ელექტროტექნიკაში – ელექტრული ენერგიის კ., მექ., სითბურ და სხვა სახის ენერგიად გარდამქმნელი მოწყობილობა (მაგ., ელექტროძრავა, ელექტროსახურებელი); გამზომ ხელსაწყოებში – საზომ-საკონტროლო კ. (მაგ., გადამყვანი ინჩი – მეტრში); უკუსვლის კ. (როგორც მექ., ისე ელექტრონული) და სხვ.

საქართველოში გაერთიანება „ანალიზხელსაწყო“ უშვებდა ასეთი ტიპის კ -ებს , რ-ებსაც იყენებდნენ ელექტრონულ და ელექტროხელსაწყოების წარმოებაში (იხ. სტ. ეკრანი"), ძაბვის მძლავრ კ-ებს კი – თანამედროვე ელექტრომობილებში (რ-თა წარმოება იგეგმება საქართველოში).

  1. ციფრულ ტექნოლოგიებში (პროგრამული კ-ები) – ვალუტების ონლაინ კ. (სურ.), ანალოგურ-ციფრული კ., რ-იც ანალოგურ (ფიზიკურ) სიგნალს გარდაქმნის ციფრულ დისკრეტულ სიგნალად (მაგ., ციფრული ფოტო- და ვიდეოაპარატი) და ციფრულ-ანალოგური კ., რ-იც ციფრულ დისკრეტულ კოდს გარდაქმნის ანალოგურ სიგნალად.

საქართველოში შექმნილია და იქმნება სხვადასხვა დანიშნულების ციფრული კ. მაგ., ფონტების ონლიანგადამყვანი პროგრამული პაკეტი Convert.ge; ქართ. ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტების ციფრულ ფორმატში გადამყვანი (იხ. აგრეთვე სტ. მანქანური თარგმნა).

ლიტ.: Афанасьев С. Г., Краткий справочник конвертерщика, М., 1967; Марцинковский Д. Б., Погребинкий В. А., Конвертерные цехи большой производительности, М., 1961.

მ. ცქიტიშვილი

ზ. ადამია

გ. ყურაშვილი