კინტრიში

კინტრიში, მდინარე დასავლეთ საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე, ხინოს მთის მახლობლად, ზ. დ. 2599 მ-ზე. ქობულეთთან ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 45 კმ, აუზის ფართ. 291 კმ 2. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალუხვია შემოდგომაზეც, წყალმცირე – ზამთარსა და ზაფხულში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 35%, ზაფხულზე – 18%, შემოდგომაზე – 31%, ზამთარზე – 16%. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 17,3 მ 3/ წმ. კ-ს ყოველწლიურად ზღვაში შეაქვს დაახლ. 540 მლნ. მ3 წყალი.

ი. აფხაზავა