კინტრიშის ნამოსახლარები

კინტრიშის ნამოსახლარები, ადრინდელი ნეოლითის ხანის (ე. წ. უკერამიკო ნეოლითის 2 ძეგლი სოფლების, ხუცუბანისა და ქობულეთის ტერიტორიაზე. მდ. კინტრიშის მარჯვ. ტერასაზე. 1959 ნამოსახლარები აღმოაჩინა არქეოლოგმა ი. გრძელიშვილმა. 1960–62 აქ დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა საქართვ. შავიზღვისპირეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ნ. ბერძენიშვილი, სადაზვერვო რაზმის ხელმძღვ. ლ. ნებიერიძე), 1967–74 არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა ბათუმის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის არქეოლ. ექსპედიციის ქვის ხანის შემსწავლელმა ჯგუფმა ს. გოგიტიძის ხელმძღვანელობით. უძრავი ფენის გამო ქობულეთის ნამოსახლარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ხუცუბანში კი ფენების უძრაობა დარღვეულია. ხუცუბანსა და ქობულეთში მოპოვებული მასალები ანალოგიურია. ნაპოვნია მხოლოდ კაჟისა და ობსიდიანის მასალა. ქვას ამუშავებდნენ მიკროლითური ტექნიკით, იარაღების უმეტესობა ნაკეთებია ლამელებზე. აღსანიშნავია კონუსისებური და პრიზმისებური ნუკლეუსები. დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი სწორწახნაგა დანისებრი და ხშირ შემთხვევაში გვერდრეტუშირებული ლამელები. იარაღის ძირითადი ტიპია საჭრისები და საფხეკები. ასევე გვხვდება სამკელი დანის ჩასართები, სახვრეტები, ისრისმაგვარი იარაღები.

ქობულეთის ნამოსახლარზე ნაპოვნი ბოძებისთვის განკუთვნილი ორმოები მოწმობს, რომ აქ არსებულ საცხოვრებელ ნაგებობებს ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა. კ. ნ. გვიანმეზოლითური კომპლექსების მსგავსია, თუმცა მათთან შედარებით განვითარების გარკვეული გზა აქვს გავლილი და ერთგვარ მსგავსებას ავლენს ადრენეოლითურ კომპლექსებთან. უდიდესია კ. ნ-ის მნიშვნელობა აჭარისა და, ზოგადად, დას. საქართვ. არქეოლოგიაში. ნამოსახლარები შუალედური რგოლია გვიანმეზოლითურსა და ადრენეოლითურ კომპლექსებს შორის.

ლიტ.: ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972; საქართველოს არქეოლოგია, ტ. 1. ქვის ხანა, თბ. 1991.

თ. კიღურაძე