კინწურაშვილი სიმონ შალვას ძე (6. XI. 1924, ქუთაისი, – 23. XII. 1993, თბილისი), არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1980). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1949). ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორად (1949–53), ქართული ხელოვნ. ისტორიის ინ-ტში – მეცნიერ თანამშრომლად (1953–62); იყო საქართვ. არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავ-რის მოადგილე (1962–80), ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედაქციის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციის გამგე (1971–93), სპი-ის არქიტექტურის ფაკ-ტის დოცენტი (1974–93), გეგმარებითი პროექტებისა და გამოფენების ავტორი, საქართვ. ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მე-5 ტომის რედკოლეგიის ხელმძღვანელი (1990).
კ-ის სცენარის მიხედვით გადაღებულია დოკ. ფილმი „ძველი ქუჩა“ (1981; რეჟ. მ. გაგუა).
თხზ.: ელგუჯა ამაშუკელი, თბ., 1984; თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი (თანაავტ.: მ. კარბელაშვილი, ნ. ჯანბერიძე, ქართ. და რუს. ენებზე), თბ., 1987.