კირიონ III

კირიონ III

კირიონ III (ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) (10. XI. 1855, ქვემო ნიქოზი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 27.VI. 1918, სოფ. მარტყოფი, ახლანდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1917–18), საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი. წერდა „ივერიელისა“ და „ნიქოზელის“ ფსევდონიმებით. 1876 დაამთავრა თბილისის სას. სემინარია, 1880 – კიევის სას. აკადემია. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო ოდესის სას. სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ. 1883 დაბრუნდა საქართველოში და მოღვაწეობა დაიწყო თელავის სას. აკადემიაში, 1896-მდე პედ. მოღვაწეობას ეწეოდა გორის, ქუთაისისა და თბილისის სას. სასწავლებლებში. 1896, მეუღლისა და შვილების გარდაცვალების შემდეგ, ბერად აღიკვეცა და ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1898 აკურთხეს ალავერდის, 1901 – გორის ეპისკოპოსად. აქტიურად იბრძოდა ქართ. ეკლესიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, რის გამოც რუს. საეკლ. ხელისუფლება სასტიკად დევნიდა. 1902 გადაიყვანეს კამენეც-პოდოლსკში (უკრ.), 1903 – ხერსონში, 1904 – ორიოლის ეპარქიაში, 1906 სოხუმში დაბრუნებულმა კ. III-მ ბრძოლა განაგრძო საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად, რის გამოც 1907 რუსეთში, კოვნოს ეპარქიაში განამწესეს. 1908 ჩამოართვეს ეპარქია, თავდაპირველად გაგზავნეს სოფ. კურიაჟის, შემდეგ – სანაქსარის მონასტერში. 1912 გადაიყვანეს ხერსონში. 1915 დაუბრუნეს ეპარქიის მართვის უფლება და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია ჩააბარეს. ამავე წლის 17 სექტემბერს წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1917 მარტში აღდგა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალია და 8–17 სექტ. საეკლ. კრებამ კ. III აკურთხა საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქად.

კ. III ავტორია ისტ., არქეოლ. და ფილოლ. ხასიათის გამოკვლევებისა. მან მიაკვლია ისეთ უნიკალურ ძეგლებს, როგორებიცაა პავლე მოციქულის ეპისტოლეთა ძვ. ქართ. თარგმანი და „კორიდეთის ოთხთავი“. 1911 მან თავისი მდიდარი არქივი გადასცა საქართვ. საისტ.-საეთონგრაფიო საზ-ბას. მისი ინიციატივით პეტერბ. სას. აკადემიაში დაარსდა აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტ. კათედრა, რ-იც ქართ. ეკლესიის ისტორიასაც სწავლობდა.

კ. III ვერაგულად მოკლეს სოფ. მარტყოფში. დაკრძალულია თბილისში, სიონის ტაძარში.

2002 საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ კ. III წმინდანად შერაცხა და მღვდელმოწამე უწოდა. ხსენების დღეა 27 (10. VII) ივნისი.

ლიტ.: აბაკელია ე., „კირიონის პირადი საარქივო ფონდი“, კრ. მრავალთავი, ტ. 1, თბ., 1971; ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; მეტრეველი რ., „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“, თბ., 1982; მისივე, საქართველოს მეფეები და პატრიარქები, თბ., 2010.

ე. აბრამიშვილი