კირმანეული თეთრი

კირმანეული თეთრი, XIII–XIV სს. ვერცხლის მონეტების სახელწოდება. ტერმინი „კირმანეული“ იხსენიება ქართულ საბუთებში, კერძოდ კი სასისხლო სიგელებში. მათზე დაყრდნობით ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნდა, რომ სახელწოდება ქართულია, თუმცა ეს მოსაზრება თავად ქართული წყაროებით ბათილდება. კერძოდ, ვაჩნაძეთა სასისხლო სიგელში ვკითხულობთ: «ამა თეთრისა საქმე ასე უწყოდეთ: „ბერძენთა მეფეს კირმანოელ ერქვა და მისეულად კირმანოელისეული ჰქვიან». აქ პირდაპირაა ნათქვამი, რომ ეს ფული ბერძნულია და ტერმინი ბერძნ. ონომასტიკონიდან მომდინარეობს [„კირმანეული“ ბერძნ. სიტყვების, „კირ“ და „მანუილის“ („ბატონი მანუილის“) დამახინჯებული ქართული ფორმაა]. ამას ადასტურებს აგრეთვე ტრაპიზონის ერთ-ერთი მონასტრის 1259 შედგენილი აქტის ჩანაწერი, რომელშიც პირველად იხსენიება „aspra kurmanou lana ko“, რაც ქართულად „კირმანეულ თეთრს“ ნიშნავს. ამრიგად, ქართულ წყაროებში მოხსენიებული ტერმინი „კირმანეული თეთრი“ ბერძნულიდან მომდინარეობს.

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; პატარიძე მ., სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური, თბ., 2020; Берадзе Т., Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии, Тб., 1989.