კირონ (კირიონ) I, ქართლის კათოლიკოსი 599–614/16. სომხური წყაროების მიხედვით, იგი ჯავახეთის სოფ. სკუტრიდან (საქუდარია) იყო. 15 წელი იყო მძევალი სომხეთში, ე. წ. ბერძნულ ნაწილში, კოლონიის პროვინციის დაბა-ქალაქ ნიკოპოლისში, სადაც მიიღო ბერძნული განათლება და აღიარა დიოფიზიტობა. ქ. დვინში, სომხურ მონოფიზიტურ საკათოლიკოსო ცენტრში გადასვლის შემდეგ დაუახლოვდა პატრიარქ მოსეს, აღიარა მონოფიზიტობა და დაიკავა აირარატის გავარის ქორეპისკოპოსისა და დვინის კათოლიკე მონასტრის წინამძღვრის ხარისხები. სომხეთში 5-წლიანი სას. მოღვაწეობის შემდეგ ქართლის პრომონოფიზიტურად განწყობილ პირთა მხარდაჭერით კ. I მცხეთის საკათოლიკოსო ტახტზე ავიდა. მან კურსი აიღო ბიზანტიისკენ და დაუპირისპირდა სპარსეთს, იბრძოდა ეროვნ. პროგრამის განხორციელებისთვის, რ-ის მიხედვითაც ქართლის შერეულ მოსახლეობაში საეკლ. მსახურება ქართულ ენაზე უნდა დამკვიდრებულიყო და სხვა ქრისტ. მრწამსის მიმდევრების ქალკედონიკობაზე დასაყოლიებლად ახალი ქრისტ. დოქტრინა უნდა შემუშავებულიყო. ამ ნიადაგზე ქართლის კათოლიკოსსა და ცურტავის მონოფიზიტ ეპისკოპოს მოსეს შორის კონფლიქტი მოხდა, რ-იც საეკლ. განხეთქილებით დასრულდა. კ. I-ის აქტიურობით 607–609 ქართ. ეკლესია საბოლოოდ დიოფიზიტური მრწამსის მატარებელი გახდა, სომხური – მონოფიზიტობის ერთგული დარჩა.
კ. I აქტიურად იყო ჩაბმული საერთაშ. ურთიერთობებში. მას დიპლომატიური მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან, იერუსალიმისა და სომხეთის პატრიარქებთან, სპარსეთის სამეფოს უმაღლეს მოხელეებთან. არსებობს ვარაუდი, რომ კ. I და კიროს ფასისის მიტროპოლიტი (შემდგომში ალექსანდრიის პატრიარქი) ერთი და იგივე პიროვნებაა.
წყარო: არსენი საფარელი, განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1980; უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1975.
ლიტ.: მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები და პატრიარქები, თბ., 2010; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).