კიროს ფასისელი

კიროს ფასისელი, კიროს ალექსანდრიელი (გ. 21. III. 642), ახლო აღმოსავლეთის საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, თეოლოგი და მონოთელიტური წვალების ერესიარქი. წყაროებიდან ჩანს, რომ 623-მდე უკვე ეპყრა ფასისის მიტროპოლიტის ტახტი და ფაქტობრივად განაგებდა ლაზიკის საეკლ. და საერო ცხოვრებას. აქტიურად მონაწილეობდა ბიზანტ. იმპერიისა და სპარსელთა სამეფოს ომებში (626– 629). მისი სამიტროპოლიტო ქ. ფასისი ბიზანტ. კეისრის ბაზა იყო კავკასიაში ლაშქრობების დროს. ჩანს, კ. ფ-ის მეშვეობით ბერძნებს უკავშირდებოდნენ ხაზარები, აფხაზები და იბერიელები.

კ. ფ-მა ჰერაკლე კეისართან, სერგი კონსტანტინოპოლელთან და თეოდორე ფარანელთან ერთად შექმნა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების გამაერთიანებელი ქრისტოლოგიური დოქტრინა, რ-იც მონოთელიზმის ან მონერგეიზმის სახელით არის ცნობილი, და მისი ყველაზე აქტ. განმახორციელებლი გახდა. 631 კ. ფ. ჰერაკლე კეისარმა ალექსანდრიის პატრიარქად გადაიყვანა და ეგვიპტის გამგებლობაც ჩააბარა. 633 კ. ფ-მა გამოსცა 9 თავისაგან შემდგარი მონოთელიტური ტრაქტატი, რ-იც აღმ. ეკლესიის გაერთიანების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ეგვიპტელმა თეოდოსიანებმა მიიღეს ეს მოძღვრება, თუმცა შემრიგებლურ პოლიტიკას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს დიოფიზიტებმა. ამასობაში ალექსანდრია არაბებმა აიღეს. ჰერაკლე კეისარმა კ. ფ-ს ღალატი დასწამა და გადასახლება მიუსაჯა, მაგრამ კეისრის მემკვიდრეებმა მას მალევე დაუბრუნეს ძვ. უფლებები. VI მსოფლიო საეკლ. კრებამ (681) კ. ფ. მწვალებლად მიიჩნია და მისი ნაწერები გაანადგურა.

სამეცნ. ლიტ-რაში გამოთქმულია მოსაზრება კ. ფ-ისა, იმავე პერიოდის ეგვიპტის უპირველესი სახელმწ. მოღვაწე ალ-მუკავკასისა და ქართლის კათოლიკოსის კირონ (კირიონ) I-ის იგივეობის შესახებ.

ლიტ.: ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968; Болотов В. В., К истории императора Ираклия, „Византийский временник“, 1907, т. 14, в. 1; Butler A., The Arab conquest of Egypt and the last thirty years of the Roman dominion, Oxf. 1902.

ზ. ალექსიძე