კირქვა, დანალექი ქანი. შედგება უმთავრესად კარბონატების კლასის მინერალ კალციტისაგან (CaCO3), იშვიათად – არაგონიტისაგან, შესაძლებელია შეიცავდეს ტერიგენული ან აუტიგენური მინერალებისა და ქანების ნატეხებსაც. წარმოშობის მიხედვით არსებობს ბიოგენური (ზოოგენური, ფიტოგენური), ქემოგენური და შერეული წარმოშობის კ-ები. გვხვდება ნამსხვრევი და მეტასომატურიც. მეტამორფიზმის შედეგად კ. გარდაიქმნება მარმარილოდ. მას იყენებენ მშენებლობაში, მეტალურგიაში, სოფ. მეურნეობაში.
საქართველოში კ-ს საშენ მასალად ჯერ კიდევ 4 ათ. წლის წინათ იყენებდნენ (აფხაზეთის დოლომიტები). კ-ითაა მოპირკეთებული შუა საუკუნეების ქართ. არქიტექტურის მრავალი ძეგლი (გელათის, ბაგრატის, კაცხის, ხობის, ბზიფის ტაძრები, უქიმერიონი, ნიკორწმინდა, მოწამეთა და სხვ.). აგრეთვე შენობები თბილისში (სპორტის სასახლე საქართვ. არქივის შენობა, ქართ. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნ. რედაქციის ყოფ. შენობა, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ და სხვ.), ქუთაისში, სოხუმში.
საქართველოში საშენი კ-ის საბადოებია თერჯოლის (ეკლარის ქვა სოფ. ჭოგნართან), ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, ბაღდათის (მდ. ხანისწყლის ზემო დინება), სენაკის (თეკლათი), ზუგდიდის (ცაცხვი), გალის (სათანჯო), ოჩამჩირის (ტყვარჩელის მიდამოები), სოხუმის (შრომა), გუდაუთის (ახალი ათონის მიდამოები), გაგრის (გაგრა და მისი მიდამოები) მუნიციპალიტეტებში, ქუთაისთან [გოდოგანი (გოდოგნის კ-იდანაა გამოკვეთილი თბილისში შოთა რუსთაველის ძეგლი), კვახჭირი, მოწამეთა], რიონსა და ცხენისწყალს შორის (ნამახვანი, მექვენა, ლარჩვალი, საირმისმთა) და სხვ.
საცემენტე კ-ები არის კასპის მიდამოებში, კახეთში, შიდა ქართლში და სხვ.
ვ. ზუხბაია
ნ. ფოფორაძე
გ. ჩიხრაძე