კირში (Kirsch) რაინერ (17. VII. 1934, დებელნი, – 4. IX. 2015, ბერლინი), გერმანელი მწერალი და მთარგმნელი. ვიტენბერგისა და იენის უნ-ტებში სწავლობდა ისტორიასა და ფილოსოფიას, 1965 კი დაამთავრა ლაიფციგის გერმ. ლიტ-რის ინ-ტი.
არის ლექსების, მოთხრობების, ესეების, საბავშვო წიგნების ავტორი. საქართველოს მიუძღვნა შემდეგი ლექსები: „გზა სიღნაღისაკენ“, „ბიჭვინთა“ (ორივე 1968) და სხვ. კ-ს ეკუთვნის ნარკვევი ვაჟა-ფშაველაზე; თარგმნილი აქვს ნ. ბარათაშვილის ყველა თხზულება (ორენოვანი გამოცემა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ლექსები, თბ., 1968); ა. ენდლერთან ერთად შეადგინა ქართ. პოეზიის ანთოლოგია „რვასაუკუნოვანი ქართული პოეზია“ (გამოიცა 2-ჯერ ბერლინში – 1971, 1974), რ-შიც სხვა პოეტების ლექსების თარგმანებთან ერთად შევიდა ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“. კ. სამჯერ იყო საქართველოში.
ნ. კაკაბაძე