კისისხევი, სოფელი კახეთის რეგიონის თელავის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, მდ. კისისხევის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. სათავო სოფელი. ზ. დ. 660 მ, თელავიდან 9 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2014).
კ. VIII ს-მდე, კახეთ-ჰერეთის სამთავროს წარმოქმნამდე, აქტიურად იყო ჩართული საქართვ. კულტ. და სამეურნეო ცხოვრებაში. სავარაუდოდ, კ. და მისი შემოგარენი კახეთში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი ცენტრი იყო.
კ-ს კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების შემდეგაც არ დაუკარგავს ამ ხეობის ცენტრის მნიშვნელობა. იმჟამად იგი ადმინისტრაციულად კახეთის ქორეპისკოპოსის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. საქართვ. პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ (XI ს.) საეკლ. ტერიტორიად განიხილებოდა. ერთიანობის ხანაში (XI–XV სს.) კ. მცხეთის კათოლიკოსის სახასო სოფელი იყო და ასეთად დარჩა საქართვ. პოლიტ. დაშლის შემდეგაც, თუმცა XVI ს-იდან კახეთის სამეფოში, სვეტიცხოვლის კუთვნილ მიწებზე, აშკარად შეიმჩნევა კახეთში მდებარე მონასტრებისა თუ კახელ ფეოდალთა შეტევა. სოფლის ყმა-მამულზე წილი დაიდო ჭერმის ეპისკოპოსმა, რ-ის კუთვნილ მამულებს კ-ში მოურავი განაგებდა.
1757 მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა ჭერმის საეპისკოპოსო და ამ ხანებიდან კ. ალავერდელი ეპისკოპოსის ხელში გადავიდა. იმავდროულად, კ-ის ყმა-მამულის ერთი ნაწილი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისთვის იყო შეწირული. ამ მამულებს „ქრისტეს საფლავის მიწებს“, ხოლო მათზე მოსახლე გლეხებს „ქრისტეს საფლავის ყმებს“ უწოდებდნენ. ასეთად რჩებოდა ეს ტერიტორიები XVIII ს. II ნახევარშიც.
სოფელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამეფოს თავდაცვით სისტემაში. აქედან გამოსული ლაშქარი კახეთის მე-4, „მეფის თანა მყოფ“ სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. ამ სამხ. ადმ. გაერთიანებას, მოგვიანებით, ალავერდელი ეპისკოპოსი სარდლობდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუს. მმართველობის დამყარების შემდეგ კ. თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა. სოფელი განთქმული იყო „ვენახ-ხილიანობით“.
სოფლის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში შემონახულია მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი, მ. შ. აღსანიშნავია: კისისხევის ყველაწმინდის ეკლესია (VI–VII სს. გადაკეთებულია X–XI სს-ში), კონდამიანის სამეკლესიიანი ბაზილიკა (VI–VII სს.), კისისხევის წმინდა ნინოს ეკლესია (ადრინდ. შუა საუკუნეები), ჯირკიანის საყდარი (VI–VII სს. მიჯნა).
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1–2, თბ., 2015.
გ. ლორთქიფანიძე