კისისხევის ყველაწმინდის ეკლესია, VI–VII სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს თელავის მუნიციპ-ის სოფ. კისისხევში. ტეტრაკონქის ტიპის გუმბათიანი ეკლესია ნაგებია რიყის ქვით. დეკორატიული თაღები და ლავგარდანი შირიმის ნათალი ქვისაა. შიგნითა კედლები შელესილი და შეთეთრებულია. X–XI სს-ში გუმბათის ყელი აამაღლეს და მოყვითალო ფერის შირიმის ნათალი ფილებით მოაპირკეთეს. ეკლესიის აღმ-ისა და დას-ის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული, კონქით გადახურული აფსიდით. დანარჩენი ორი მკლავი მარკუთხაა და ასევე კონქითაა გადახურული. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრ-ით (რ-იც მოგვიანებით მიშენებულ, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის მცირე სამლოცველო-საძვალეში გადის), ჩრდ-ით და დას-ით. საკურთხეველი განათებულია ვიწრო, მაღალი, თაღოვანი სარკმლით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა კუთხის ტრომპების მეშვეობით ხდება. გუმბათის ყელი საკმაოდ მაღალია და ვიწრო. სავარაუდოდ, იგი სხვადასხვა პერიოდის ორი ნაწილისაგან უნდა შედგებოდეს: ქვედა ნაწილი (სარკმლების ჩათვლით) თავდაპირველია, ზედა ნაწილი კი X–XI სს. ეკუთვნის. ეკლესიის კედლებზე შემონახულია ძლიერ დაზიანებული „ხალხური“ მხატვრობის ფრაგმენტები, საიდანაც ჩანს, რომ ტაძრის იკონოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ისტ. პირთა გამოსახულებებს. ეკლესიის მკლავები (დას. მკლავის გარდა) გარედან ხუთწახნაგაა, გუმბათის ყელი – რვაწახნაგა. გუმბათი გადახურულია ციცაბო, პირამიდისებრი სახურავით. ეკლესიას სამხრ-იდან ეკვრის მასზე უფრო მოგრძო, მაგრამ გაცილებით დაბალი დარბაზული ეკლესია, რ-იც XVI ს-ში წმ. მიქაელის სახელზე აუგიათ და თავად ქობულაშვილების საძვალეს წარმოადგენდა. შენობა რიყის ქვითაა ნაგები, აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდი და ორი შესასვლელი: ერთი – ჩრდ-იდან, თავდაპირველი ეკლესიიდან, ხოლო მეორე – დას-იდან. ეკლესიის ფასადები სადაა. 2006–07 საქართვ. ისტ. ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას (თავდაპირველს და დარბაზულს) ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (პროექტის ავტორები: არქიტ. მ. გელაშვილი, გ. გომურაშვილი).
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1–II, თბ., 2015; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
თ. დვალი