კისისხევის წმინდა ნინოს ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს სოფ. კისისხევის (თელავის მუნიციპ.) სამხრ-ით 7–8 კმ-ზე. თარიღდება ადრინდ. შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. აღმ-ით დასრულებულია შვერილი აფსიდით, რ-იც გარედან ხუთწახნაგაა და ძირითადი კორპუსისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. ეკლესიას სამხრ-იდან და ჩრდ-იდან მისივე თანადროული მინაშენები ეკვრის. სამხრ. მინაშენი, როგორც ჩანს, ეკლესიის შესაბამის კედელს მთელ სიგრძეზე გასდევდა. ჩრდ. მინაშენი ეკლესიაზე რამდენადმე მოკლეა. იგი ფასადის შუა ნაწილზეა მიდგმული და ეკლესიის ძირითად სივრცეს ვიწრო კარით უკავშირდება. თუ როგორ იყო დაკავშირებული ეკლესია სამხრ. მინაშენთან, ვერ დგინდება. შენობა ნაგებია თანაბარი სიმაღლის სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი, საგულდაგულოდ შერჩეული მოზრდილი ზომის რიყის ქვით, გარეთა კუთხეები და საკურთხევლის შვერილის წიბოები კი – სუფთად ნათალი შირიმის ქვით. იმავე მასალით ყოფილა გამოყვანილი აფსიდის კუთხეები, კონსტრ. ნაწილები, მორთულობის ელემენტები და ლავგარდანი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია – დანგრეულია სამხრ. კედელი, სამხრ. მინაშენის უმეტესი ნაწილი; ჩამოშლილია კონქი და ჩრდ. მინაშენის კამარა; შიგა სივრცე, დაახლ. 1,5 მ სიმაღლეზე, ნანგრევებითაა ამოვსებული. ეკლესიის მთავარი შესასვლელი სამხრ. მინაშენის სამხრ. კედელში იყო მოწყობილი. საკურთხევლის აფსიდი ნალის ფორმისაა. აფსიდის ცენტრში გაჭრილია განიერი, მაღალი, პარალელურწირთხლებიანი სარკმელი, რ-იც შიგნიდან და გარედან ნალისებრი თაღითაა დასრულებული. დარბაზის გრძივი კედლები გლუვია, უპილასტრო. ჩრდ. კედლის დას. ნაწილში, მინაშენში გამავალი კარის მარცხ. მხარეს, წყობაში, ჩასმულია (მოგვიანებით) ორმოციოდე სმ სიმაღლის ქვიშაქვის კვადრი, რ-ზეც ე.წ. განედლებული ჯვარია გამოსახული. შენობის ფასადები სადაა. ეკლესიას გარშემოუყვებოდა რიყის ქვის გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები).
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1–II, თბ., 2015.
თ. გერსამია