კისორეთი, სოფელი იმერეთის რეგიონის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (გურნის თემი), რაჭის ქედის სამხრ. დას. კალთაზე, ოკრიბის წვრილმთიანეთში, მდ. ლეხიდრის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 590 მ, ტყიბულიდან 23 კმ, ორპირიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 19 კმ. 55 მცხ. (2014).
სოფელში არის სამკურნალო თვისებების მქონე ბუნებრივი წყარო.
კ-ში დგას განვითარებული შუა საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია. იმერეთის მეფე ლევანმა 1591 მთის წმ. გიორგის ეკლესიას განუახლა კ-ის ლომთაძენის შეწირულობა; ისინი თავის დროზე მეფის პაპის მიერ იყვნენ შეწირული. გვიან ფეოდალურ ხანაში კ. ოკრიბის შემადგენლობაში შედიოდა.
მის მახლობლად, ანატორიად წოდებულ ადგილზე, მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე. სოფლის მიდამოებში იმავე პერიოდის მეორე ციხეცაა, რ-საც რაგაოსის ციხეს უწოდებენ.
თ. ბერაძე