კისტანი

კისტანი

კისტანი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემი). მდ. არღუნის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 2080 , დუშეთიდან 100 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს.

კ. ისტორიული ციხე-სოფელი და გამორჩეული არქიტ. ძეგლია. თარიღდება შუა საუკუნეებით. აგებულია რთულ კლდოვან რელიეფზე და ორ კომპაქტურ უბნად იყოფა; სოფლის ძირითადი ნაწილი, რ-იც 30-მდე ციხე-სახლისაგან შედგება, ერთდროულად საყოფაცხოვრებო და თავდაცვითი ფუნქციის მქონეა. სოფლიდან ცოტა მოშორებით, მაღალ ქარაფზე დგას თავდაცვითი ხასიათის ორი ნაგებობა. სოფლის გარეთაა ასევე საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობებიც. რთულ რელიეფზე ტერასულად ნაგები ციხე-სახლები ერთმანეთზე ისე მჭიდროდაა მიდგმული, რომ ერთი სახლის სახურავი მომდევნო სახლისათვის გამოსასვლელი ტერასაა, ხოლო მათი კედლების გარე კონტური სოფლის გალავნის ფუნქციას ასრულებს. შენობათა ძირითადი ტიპებია ბრტყელსახურავიანი ციხე-სახლი და პირამიდულსახურავიანი საბრძოლო კოშკი, რ-ებიც ერთობლიობაში ციხესიმაგრეს ქმნიან. შენობები ნაგებია ფიქლის ქვის მშრალი წყობით, იშვიათ შემთხვევაში – ქვითკირით. გადახურვაში გამოყენებულია ხის მასიური კონსტრუქცია ზედ მოწყობილი თიხატკეპნილი იატაკით, ბანით ან ქვისსაფეხურიანი პირამიდული სახურავით. კედლებში დატანებულია მცირე ზომის სარკმლები, სათოფურები და კერის „საკვამები“. ბოლო სართულებზე შეინიშნება ხის აივნების კვალი და საბრძოლო ჩარდახები. სოფლის შემადგენლობაშია რამდენიმე „სამრელო“ (ქალთა საწესო ადგილი), წისქვილები და ხატები სოფლის გარეთ არის გატანილი.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.

კ. კახაძე

ვ. ჭინჭარაული