კისტოფორი

კისტოფორი (cistophori), როდოსის სამონეტო სისტემის შემსუბუქებული სტანდარტის მიხედვით მოჭრილი ტეტრადრაქმა (საშ. მასა 12,65 გ), რ-ის ემისიას მცირე აზიის ქალაქები ძვ. წ. II ს. I ნახ-იდან ახორციელებდნენ. ტეტრადრაქმის გარდა იშვიათად იჭრებოდა დიდრაქმები და დრაქმები. მონეტის ტიპი ყველა ზარაფხანისათვის უნიფიცირებულია. კ-ის ავერსზე გამოსახულია ნახევრად ღია მისტიკური (სარიტუალო) კალათი, ანუ კისტა (აქედან მომდინარეობს სახელწოდება კ.), საიდანაც გველი მოძვრება (დაკავშირებულია დიონისეს კულტთან); გარშემო სუროს ფოთლების გვირგვინია. რევერსზე ისრებისაგან მოწნული საკრალური გამოსახულება ჩასმულია ორ გველს შორის. მონეტაზე აღბეჭდილი სიმბოლოებითა და მონოგრამებით დგინდება ზარაფხანა და მონეტის მოჭრის თარიღი.

კ. დიდი რაოდენობით იჭრებოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მცირე აზიისა და რომის ეკონ. ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ აღმ. პროვინციები რომს კ-ით უხდიდნენ კონტრიბუციას. მაგ., ძვ. წ. 190–189 ტრიუმფის დროს რომის ხაზინაში 960 ათასი კ. შევიდა. ეს მონეტები ფართოდ მიმოიქცეოდა აღმოსავლეთში თვით იმპერატორების ეპოქაში, ამასთანავე აღმოსავლეთის ზარაფხანებმა დაიწყეს მონეტების მოჭრა იმპერატორის გამოსახულებითა და ლათინური ლეგენდით. ამ მონეტის მასა გათანაბრებული იყო კ-ის მასასთან.

საქართველოში კ-ის აღმოჩენის ერთადერთი შემთხვევაა აღრიცხული – 1966 მას ვანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიაკვლია. აღმოჩენილი კ. მოჭრილია პერგამონში ძვ. წ. 50–49.

ლიტ.: დუნდუა გ., ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი კისტოფორის შესახებ, კრ.: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს, თბ., 1971; დუნდუა გ., ჯალაღანია ირ., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; Зограф А. Н., Античные монеты, „Материалы и исследования по археологии СССР“; в.16 М–Л., 1951; Казаманова Л. Н., Введение в античную нумизматику, М., 1969.

გ. დუნდუა