კიტია გიორგი (გია) დორიანის ძე

გ. კიტია

კიტია გიორგი (გია) დორიანის ძე (დ. 27. II. 1956, თბილისი), თეატრისა და კინოს რეჟისორი და მსახიობი, პედაგოგი. 1979 დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ინ-ტის ცირკის, ესტრადისა და მასობრივი წარმოდგენების სარეჟისორო ფაკ-ტი. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის ცირკში („ცვეტნოი ბულვარი“). 1981–87 იყო თბილ. რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის, 1987–2007 კი ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი. 1981-იდან დღემდე თეატრ. უნ-ტის რეჟისურის კათედრაზე ეწევა პედ. საქმიანობას.

დადგმული აქვს სპექტაკლები: ო. ჰენრის „წითელკანიანთა ბელადი“, ე. შვარცის „თოვლის დედოფალი“, ნ. გლადკოვის „ბრემენელი მუსიკოსები“, ჯ. ჯერომის „ტომმი“ (გრან-პრი, დონის-როსტოვი, მსოფლიო საბავშვო თეატრის გენ. ასამბლეის ფესტივალი, 1995), ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „საშობაო ზღაპრების“ სერია, ა. ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის ზღაპარი“, 1995-იდან არის საბავშვო თეატრების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. სხვადასხვა წლებში იყო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალების (მოსკოვი, ნოვგოროდი, ეკატერინბურგი, ტიუმენი, ვარშავა) ლაურეატი. 2003-იდან არის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მთ. რეჟისორი.

კ. გადაღებულია ფილმებში: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟ. თ. აბულაძე, 1962), „ბიჭი და ჩიტი“ (რეჟ. კ. სურმავა, 1968), „რენე მიდის ჰოლივუდში“ (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010) და სხვ. 1999 დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“.