კიტრი

კიტრი

კიტრი (Cucumis sativus), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა (Cucurbitacee) ოჯახისა. გვხვდება ნახევარბუჩქისებრი ფორმითაც. ფესვთა სისტემა შედგება მთავარი ღერძისა (1 მ-მდე) და გვერდითი ფესვებისაგან, რ-ებიც ძირითადად ნიადაგის სახნავ (10–30 სმ) ფენაში ვრცელდება. ღერო მხოხავი ან ხვიარაა, სიგრძე 1,5–2 მ აღწევს. ფოთოლი დიდყუნწიანია, ოდნავ ფრთისებრი, ხუთკუთხა. ჯიშის მიხედვით ნაყოფის ფორმა, ფერი და სიდიდე ერთმანეთისგან განსხვავდება. მისი ზომა 5–10 სმ-მდე მერყეობს. ნაყოფი მწვანეა, ღია მწვანე, რძისებრი თეთრი და სხვ. ძირითად ფერს ზოგჯერ აქვს ლაქები – ვარაყი, ზედაპირი შეიძლება ჰქონდეს გლუვი, პრიალა, დაბორცვილი, დაღარული, დახორკლილი, შებუსული. კ. ცალსქესიანი (გაყოფილსქესიანი), ერთსახლიანი და ჯვარედინმტვერია მცენარეა (ერთ მცენარეზე მამრობითი და მდედრობითი ყვავილები ცალ-ცალკე სხედან), გვხვდება ორსახლიანი და ნაწილობრივ ორსახლიანი ფორმებიც. მამრობითი და მდედრობითი ყვავილების გარდა, კ-ის ზოგიერთი ჯიში ივითარებს ჰერმაფროდიტულ (ორსქესიან) ყვავილებს. ზოგჯერ კ. გაუნაყოფიერებლად – ქალწულებრივად (პართენოკარპია) იძლევა ნაყოფს, რ-საც თესლი არ უვითარდება. ნაყოფს ძირითადად ცილინდრული ფორმა აქვს, თუმცა შეიძლება იყოს მრგვალი, ჩალმისებრი, კვერცხისებრი, თითისტარისებრი, ელიფსური, კლაკნილი და სხვ. კ. სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი სამშობლოა ინდოეთი. მოხსენიებულია ბიბლიაში როგორც ეგვიპტური ბოსტნეული.

საქართველოში კ. გავრცელებულია თითქმის ყველა ზონაში. ნ. კეცხოველის მონაცემებით, იგი ზ. დ. 1600 მ-მდეც გვხვდება, ზოგიერთი ჯიში (მურომსკი) კი 1700 მ-ზეც კარგად ხარობს.

კ. მოჰყავთ ღია და დახურულ გრუნტში. იყენებენ როგორც ნედლად, ისე მწნილის სახით. მისი ნორჩი (ქორფა) და დამარილებული ნაყოფი საკვებად გამოსადეგია ტექნიკურ სიმწიფეში. 3–4-დღიანი მასრებისაგან პიკულსა და კორნიშონს ამზადებენ. ნაყოფის ქიმ. შედგენილობა ასეთია (%- ობით): წყალი – 95–96; მშრალი ნივთიერება – 4–5 (მ. შ. შაქარი 2–2,5); ცილოვანი ნივთიერება – 1,0; ცხიმი – 0,1; უჯრედისი – 0,7; ნაცარი – 0,4. შეიცავს C, B1, B2, E ვიტამინებს, A პროვიტამინს, ორგ. მჟავებს, ფერმენტებს (ოქსიდაზა, დეჰიდრაზები და სხვ.), მინერ. მარილებს (განსაკუთრებით დიდი ხვ. წ. კალიუმსა (K) და ფოსფორზე (P) მოდის). ასევე შეიცავს თავისუფალ ამინომჟავებსა და ეთერზეთებს, რომლებიც განაპირობებენ მის სასიამოვნო გემოსა და გამაგრილებელ თვისებებს).

1973-იდან საქართველოში ღია გრუნტისათვის დარაიონებული ჯიშებია მუხრანული ადგილობრივი, ნეჟინური 12 (უკრაინული), ნოვოჩერკასკის 385, რუსტემი 96–1, ნეროსიმი 40 (რუსული); დახურული გრუნტისათვის – „მნოგოპლოდნი 3263“, ჰიბრიდი „ტეპლიჩნი 40“. სასალათე ჯიშებიდან წამყვანი ადგილი უჭირავს ადგილობრივს, კერძოდ, მუხრანულს, გილანურსა და შუშა კიტრს; ასევე გამოირჩევა ახალციხური (მესხური ჯიში), ანუ ლანგა კიტრი და ფიჩხის კიტრი (მოჰყავთ აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში).

უკანასკნელ პერიოდში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოდის მდედრობითი ტიპის კ-ის ჯიშები, უმეტესად კი – ფუტკრითმტვერია ჰეტეროზისული, ასევე პართენოკარპული ჰიბრიდები (F1).

ღია გრუნტში მოსაყვანად რეკომენდებულია ჯიში ფენიქსი; ფუტკრითმტვერია ჰიბრიდებიდან – ჰექტორი (F1), პიაქსი (F1), სპარტა (F1); პართენოკარპული ჰიბრიდებიდან – დელფინა (F1), კანისპირა (F1).

სათბურში მოსაყვანად შემოაქვთ ჰიბრიდები: დარინა (F1), ისატიხი (F1), ნიკოლა (F1), ფლამინგო (F1), ევოლუცია (F1), ზაზულია (F1), TCXA–77 და სხვ. ამ ჰიბრიდებს მდედრობითი ყვავილები გამოაქვთ მთავარ ღეროზე. მდგრადია სოკოვანი დაავადებების მიმართ. სათბურების გარდა ზოგიერთი მათგანი, მაგ., ისატიხი (F1) გამოსადეგია ზაფხულში ღია გრუნტზე მოსაყვანად. კ-თვის საუკეთესოა ნოყიერი, მსუბუქი მექან. შედგენილობის, ქარისაგან დაცული ნიადაგი. თესლი მწკრივად და ბუდობრივად ითესება, გრძელბარდიანი ჯიშები (მუხრანული) – კვადრ.- ბუდობრივად 100×100 სმ-ზე, ხოლო მოკლებარდიანი – 70×70 სმ-ზე. ბუდნაში ტოვებენ 3–4 მცენარეს. კ-ის უმთავრესი მავნებლებია აბლაბუდიანი ტკიპა, ბუგრი; დაავადებები: ნაცარი, ბაქტერიოზი, თეთრი სიდამპლე, ანთრაქნოზი.

ლიტ.: ჯაფარიძე ვ. მებოსტნეობა, თბ., 2016.

თ. რობაქიძე

ვ. ჯაფარიძე