კიღურაძე თამაზ ბენედიქტეს ძე (28. IV. 1941, თბილისი, – 11. IV. 2002, იქვე), არქეოლოგი. ისტორიის მეცნ. კანდიდატი (1975). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1966 მუშაობა დაიწყო საქართვ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლოგიის განყ-ბაში. 1979-იდან იყო ამავე მუზეუმის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში.
კ-მ თავის მასწავლებელ ა. ჯავახიშვილთან ერთად შეიმუშავა ადრესამიწათმოქმედო გორა-ნამოსახლარების გათხრის მეთოდიკა, რ-ითაც ამ ხანის არაერთი ძეგლია შესწავლილი. შულავრისა და იმირის გორებზე მიღებული გამოცდილების შედეგად კ-მ დამოუკიდებლად გათხარა და შეისწავლა ხრამის დიდი გორა; ასევე აღმოაჩინა და შეისწავლა ახალი, მანამდე უცნობი კულტურა, რ-საც აღმოჩენის ადგილის მიხედვით სიონის კულტურა უწოდა. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა კ-ის მიერ შემუშავებულ ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაციას. კ-მ 1980 მარნეულის მუნიციპალიტეტში მიაკვლია ძეგლ დამიგაიას, რ-ის კედლის მხატვრობა შესრულებულია წითელი საღებავებით, რაც ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში.
1988-იდან კ. რამდენჯერმე მონაწილეობდა ზაარბრიუკენის (გერმანია) უნ-ტის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ნაქალაქარ თელ-ხუერაზე (სირია, პროფ. ვ. ორტმანთან ერთად), სადაც ხელმძღვანელობდა გათხრების ერთ-ერთ უბანს. ავსტრალიელ არქეოლოგებთან მუშაობდა მელბურნის უნ-ტის ექსპედიციაში (თურქეთი) ნამოსახლარ სოს-ჰუიუკზე (პროფ. ა. საგონასთან ერთად).
კ-ის ხელმძღვანელობის დროს საქართვ. სახელმწ. მუზეუმში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ფარგლებს გარეთ არქეოლ. გამოფენების გამართვის ტრადიციას, 1988 მიენიჭა ს. ჯანაშიას სახ. პრემია.
კ. სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. 4 მონოგრაფიის ავტორია.
თხზ.: აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია, თბ., 1976; Neolithische Siedlungen von Kvemo Kartli, München, 1986.
რ. რუსიშვილი