კიში (Kiss) ტოტფალუში მიკლოშ (1650, ქ. ნადბანე, – 20. III. 1702, კოლოჟვარი), უნგრელი მბეჭდავი, ასოთმქანდაკებელი, მესტამბე, თეოლოგი. კ-მა ქ. ნადბანეს კალვინისტურ სკოლაში შეისწავლა ფილოლოგია და გაიარა თეოლოგიის კურსი. ქ. ფოგარაშში XVII ს. 70-იანი წლების ბოლოს ეწეოდა თეოლ. მოღვაწეობას. 1680 გაემგზავრა ჰოლანდიაში სასტამბო საქმის შესასწავლად. მან წარმატებით შეისწავლა შრიფტის ჩამოსხმის ხელოვნება და მალევე გაითქვა სახელი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია უნგრული ე. წ. „ოქროს ბიბლია“.
კ-ს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის ბეჭდვის, ასევე ქართველი და უნგრელი ხალხების კულტ. ურთიერთობის ისტორიაში. 1684 არჩილ II-მ შვედი დიპლომატისა და მეცნიერის ი. გ. შპარვენფელდის მეშვეობით კ-ს დაუკვეთა ქართ. სასტამბო შრიფტი. ერთ წელიწადში კ-მა ამსტერდამში გამოაქანდაკა ქართ. ანბანის სამივე სახეობა (ასომთავრული, ნუსხური და მხედრული) და დაამზადა შესაბამისი მატრიცები.
საქართველოში სტამბის მოწყობისა და ქართ. წიგნის ბეჭდვის დაწყების ეს პირველი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.
ლიტ.: შარაძე გ., მიკლოშ კიში ტოტფალუში და ქართული სტამბა, თბ., 1982.
თ. დოლიძე