კლავიხო (Clavijo) რუი გონსალეს დე (დ. წ. უცნობია, – 2. IV. 1412, მადრიდი), მოგზაური, დიპლომატი და მწერალი, კასტილიელი აზნაური, თავისი დროისათვის დიდად განათლებული პოლიტ. მოღვაწე. 1403 კასტილიის მეფე ენრიკე III-ის (1390–1407) დავალებით ხელმძღვანელობდა ელჩობას თემურლენგთან სამარყანდში. მან ხმელთაშუა და შავი ზღვებით იმოგზაურა ტრაპიზონამდე, გაიარა ერზინჯანი, არზრუმი, ვალაშკერტი და 1404 სამარყანდში ჩავიდა. სამარყანდიდან ელჩობა ანისის, ყარსისა და საქართველოს ოლქების გავლით ტრაპიზონში დაბრუნდა და ზღვით გააგრძელა გზა. კ. მთელი მოგზაურობის განმავლობაში წერდა დღიურებს. მიუხედავად იმისა, რომ კ-მ კავკასიაში მხოლოდ 2–3 კვირა დაყო და მთლიანად არ გასცნობია მას, მაინც შეძლო საინტერესო ცნობებისა და ძვირფასი საორიენტაციო მასალის შეკრება. კ-ს დღიურებში ქართველების დახასიათებაცაა მოცემული: „ქართველები კარგი აგებულების და ლამაზი ხალხია. მათი რელიგია ბერძნულია, ენა კი განსაკუთრებული“. მოცემული აქვს ასევე ლაზებით დასახლებული ტრაპიზონის მხარის სამეურნეო დახასიათებაც, რ-იც „ზღვასთან მდებარეობს. დაფარულია მთებითა და ტყეებით; ტყეში ყველა ხეზე გაშვებულია ვაზი, რომლის ნაყოფისაგან აყენებენ ღვინოს. ვაზს არასოდეს არ უვლიან“.
კ-ს აღწერილობანი მოკლებულია ყოველგვარ ფანტასტიკურობას. მის მიერ მოპოვებული ცნობები დასტურდება სხვა წერილობითი წყაროებით, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართვ. ისტორიის ზოგიერთი მომენტის აღსადგენად. კ-მ საყურადღებო ცნობები დაგვიტოვა გიორგი VII-ის თემურლენგთან ბრძოლის პერიოდზე. მისი ცნობით თემურლენგს სამხრ. საქართველოზე გამავალ სავაჭრო გზასთან მდებარე მნიშვნელოვანი ციხე თორთუმი აუღია. თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ კი დაპყრობილმა ხალხებმა, მ. შ. ქართველებმაც, დრო იხელთეს და თავი გაითავისუფლეს. გიორგი VII-მ დაიპყრო ანისი, არზრუმი და თავრიზამდეც კი მიაღწია.
ლიტ.: რუი გონსალეს დე კლავიხოს ცნობები საქართველოს შესახებ. ესპანურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა, თბ., 1992; შამილაძე ვ. მიმინოშვილი ო. საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია, ნაწ. 1, თბ., 2009. Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавказу, Тфл. 1935.
ე. მამისთვალიშვილი