კლარჯეთი, მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მოიცავდა მდ. ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე (ამჟ. თურქეთის ფარგლებშია). კ-ში შედიოდა მურღულის, ეგრის, არტანუჯის, ნიგალის და სხვ. ხევები (საკუთრივ კ-ც თავდაპირველად ერთ-ერთი ხევი იყო). სახელწოდება მომდინარეობს დაბა კლარჯეთიდან. კ-ის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. მას განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რ-ის რეზიდენცია V ს. II ნახ-იდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V ს.) აქ ფართო კულტ.-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახ. საეპისკოპოსო (ცენტრი – ახიზა). კ. გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. ამავე დროს ითვლებოდა „საყუდელად“ (თავშესაფრად) „ჟამთა მათ ბოროტთა, ოდეს განძლიერდეს სპარსნი“. VIII ს-ში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, რ-ის წარმომადგენელმა მეფე აშოტ I-მა დიდმა IX ს. დასაწყისში არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა. ამავე დროს, გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა და XI–XIII სს-ში გაიშალა ინტენსიური კულტ.- საგანმან. საქმიანობა. კ-ის სახელგანთქმულ ეკლესია-მონასტრებს, „კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს“, „ქართულ სინას“ უწოდებდნენ. XVI ს-ში კ. ოსმალეთმა მიიტაცა. 1579-იდან ჩილდირის საფაშოს, ხოლო 1877–78 (რუს.-თურქეთის ომის შემდეგ) ყარსისა და ბათუმის ოლქების შემადგენლობაშია.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
დ. მუსხელიშვილი