კლასი საზოგადოებრივი, სტრატიფიკაციული სისტემა, რ-იც საზ-ბას სოციალურ პოზიციებად ყოფს. კ-ის ცნებაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კ. მარქსმა. მისი აზრით, პირველყოფილი თემური წყობილების შემდეგ ყველა საზ.-ეკონ. ფორმაციაში შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი ანტაგონისტური (დაპირისპირებული) კ: გაბატონებული კ., რ-იც წარმოების საშუალებებს (მიწა, კაპიტალი, ფაბრიკა-ქარხნები, ტექნოლოგია) აკონტროლებს, და დაქვემდებარებული კ., რ-იც არ ფლობს წარმოების საშუალებებს. კ. მარქსი თვლის, რომ ისტორიის მსვლელობისათვის მუდმივად დამახასიათებელია კლასთა ბრძოლა: დაქვემდებარებული კ. არ ეგუება ექსპლუატაციას და აჯანყებებისა და რევოლუციების გზით ცდილობს გაბატონებული კ-ის დამხობას. თანამედროვე ინდუსტრიულ საზ-ბაში მარქსი გამოყოფდა ორ ძირითად კ-ს: კაპიტალისტებს და მუშებს (პროლეტარიატს). იგი ვარაუდობდა, რომ კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად მათ შორის არსებული უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდებოდა, რასაც გარდაუვლად მოჰყვებოდა პროლეტარული რევოლუცია. თუმცა, კ. მარქსმა ვერ გათვალა კაპიტალიზმის განვითარების დინამიკა. მისი პროგნოზისაგან განსხვავებით, დას. სამყაროში მუშების რიცხვი კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა. მათი დიდი ნაწილი საშ. კ-ის წევრი გახდა. აღნიშნული პროგნოზის მცდარობის მიუხედავად, კ-ის მარქსისეული გაგება დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას თანამედროვე სოციოლოგიის კონტექსტში.
კ-ის ალტერნატიული ხედვა ჩამოაყალიბა მ. ვებერმა (1864–1920). კ. მარქსისაგან განსხვავებით, მან სტრატიფიკაციის არაეკონომიკურ განზომილებაზეც გაამახვილა ყურადღება. საკუთრების გარდა, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ე.წ. საბაზრო სიტუაციას, რ-იც მოიცავს იმ ინდივიდუალურ უნარებსა და გამოცდილებებს, რ-თა ფლობაც ინდივიდს უკეთეს სასიცოცხლო შანსს ანიჭებს, ამ უნარების არმქონე ინდივიდთან შედარებით. გარდა ამისა, სოც. სტრატიფიკაციის საკუთარ სქემაში მ. ვებერმა გამოკვეთა ისეთი ცნებები, როგორიცაა პარტია (პოლიტ. განზომილება) და სტატუსი (პრესტიჟის ფლობა).
XX ს-ში სოციოლოგებმა შეიმუშავეს კ-ის შეფასების განსხვავებული სტრატეგიები. მათგან აღსანიშნავია სოც. მობილობის შედარებითი ანალიზი ინდუსტრიულ საზ-ბაში (Comparative Analysis of Social Mobility in Industrial Societies რ. ერიქსონისა და ჯ. გოლდთორპის) და კლასობრივი სტრუქტურისა და კლასობრივი ცნობიერების შედარებითი პროექტი (ე. რაითის ხელმძღვანელობით).
XX ს. ბოლოს, გლობალიზაციის ინტენსიფიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელების პირობებში, ზოგიერთი სოციოლოგი (ჯ. პაკულსკი, მ. უოთერსი) „კლასის სიკვდილზე“ ალაპარაკდა. ისინი ამტკიცებენ, რომ თანამედროვე საზ-ბებში სტრატიფიკაციის მთავარი ელემენტი კულტურა და მისი მოხმარებაა (კონსიუმერიზმი). კოლექტიური, კლასობრივი სოლიდარობის გრძნობა ინდივიდთა მოთხოვნილებებით და მათი დაკმაყოფილების საშუალებებითაა ჩანაცვლებული. ინდივიდები და სოც. ჯგუფები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმით, თუ რას მოიხმარენ ისინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოხმარების სფეროში ეკონ. განზომილება (ვის რაზე მიუწვდება ხელი) დღესაც საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.
საბჭოთა პერიოდის საქართველოში სოც. სტრატიფიკაციის თავისუფალი ანალიზი ფაქტობრივად არ მომხდარა, რადგან, ოფიც. იდეოლოგიის თანახმად, სსრკ „უკლასო“ საზ-ბა იყო. კ-ის დოგმატურად გააზრებული ცნების ანალიზი მხოლოდ მარქსიზმის ჩარჩოებში ხორციელდებოდა. უკანასკნელ ათწლეულებში ქართველმა სოციოლოგებმა კ-ის ცნებას უფრო მეტი ყურადღება დაუთმეს და განსხვავებულ (პოსტინდუსტრიული თუ პოსტმოდერნიზმის თეორიების) ჭრილში გაიაზრეს.
ლიტ.: კოდუა ე., სოციოლოგია, თბ., 1995.
გ. თავაძე