კლდეეთის სამაროვანი, II ს. არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ზედა კლდეეთში (ზესტაფონის მუნიციპ.). შემთხვევით აღმოაჩინეს და ნაწილობრივ გათხარეს 1941–42 (დ. ლომაძე). ქვაყრილიან ორმოსამარხებში თითო (ერთ შემთხვევაში წყვილი) მიცვალებული ესვენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, თავით დას-კენ. ზოგს ჩაყოლებული ჰქონდა შეკაზმული ცხენი და ძაღლი. სამარხებში აღმოჩნდა მდიდრული მასალა: ჭურჭელი (თიხის შავპრიალა და წითლად გამომწვარი ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლეები, ბრინჯაოს ხელადა და პატერა, რ-საც ტარი ქვისაგან გამოთლილი ცხვრის თავის სკულპტურული გამოსახულებით აქვს შემკული, ვერცხლის თასები), იარაღი (ბრინჯაოს კვერთხი და ჯაჭვის პერანგის ნაშთები, რკინის სამფრთიანი ისრისპირები, შუბისპირი, სატევრები, ცული და მახვილი, რ-ის კოტას ამკობს ოქროს ბუდეში ჩასმული სარდიონის გემა), მონეტები (გოტარზის დრაქმები, ავგუსტუსის დინარები, ნერვასა და ტრაიანეს კესარიული დიდრაქმები და ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ადგილ. მინაბაძები), ბრინჯაოს, ვერცხლის, ელექტრუმისა და ოქროს სამკაული (საკისრე რკალები, სამაჯურები, ბეჭდები, მშვილდსაკინძები, ოქროს თავსამკაული და სხვ.). აღსანიშნავია ოქროს აგრაფი, რ-შიც ჩასმულია სარდიონის გემა – მამაკაცის პორტრეტი ჩაბალახის მსგავსი თავსაბურავით. ფიქრობენ, რომ მასზე გამოსახულია ადგილ. ქართვ. დიდებული, შესაძლოა – ერისთავიც.
კ. ს-ში აღმოჩენილი მინის, ბრინჯაოსა და ვერცხლის ჭურჭელი ძირითადად იმპორტულია. პოლიქრომული სტილის ოქროს ნივთები კი ადგილ. ნაწარმი უნდა იყოს. როგორც ჩანს, კლდეეთში დაკრძალული არიან ანტ. ხანის იბერიის წარჩინებულები.
ლიტ.: ლომთათიძე გ., კლდეეთის სამაროვანი ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისა, თბ., 1957.
ი. გაგოშიძე