კლდეკარი

კლდეკარი.
ციხესიმაგრე. IX ს.

კლდეკარი, ისტორიული ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში, თრიალეთში, თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). შემორჩენილია ნანგრევები. მდებარეობდა მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, იქ, სადაც გაპობილი კლდე გასასვლელს ქმნის (აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც ., ე. ი. კლდის კარი). კ-ის ციხე ააგეს მას შემდეგ, რაც არგვეთელი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში IX ს. 70-იან წლებში თრიალეთში გადავიდა. მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში კ. კლდეკარის საერისთავოს ცენტრი იყო. საქართვ. სამეფო ხელისუფლებამ, რ-იც ვერ ეგუებოდა ბაღვაშთა პოლიტ. სიძლიერის ზრდას, რამდენჯერმე ჩამოართვა მათ კ-ის ციხე. 1103 მეფე დავით IV აღმაშენებელმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ციხესიმაგრეში თავისი მეციხოვნე ჯარი ჩააყენა. ამიერიდან კ-მა თანდათან დაკარგა ადრინდ. მნიშვნელობა.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1955.

ლიტ.: საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები, თბ., 1959.

დ. ბერძენიშვილი