კლდეკარის საერისთავო, ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში (IX ს. 80-იანი წლები – 1103). „მატიანე ქართლისათჳს“ გადმოცემით, მისი დამაარსებელი და პირველი ერისთავი იყო ლიპარიტ I ბაღვაში. კ. ს. მოიცავდა ატენის ციხეს, თრიალეთს, მანგლისხევს და საკურეთს (სკორეთს). კლდეკარის ერისთავების სამამულო სამფლობელო იყო არგვეთი (ზემო იმერეთი). კ. ს-ს აღმ-ით (ალგეთის და სკორეთის ხეობებში) ესაზღვრებოდა თბილ. საამირო, სამხრ.-აღმ-ით და სამხრ-ით – სამშვილდისა და ტაშირ-ძორაკერტის სომხური სამეფო, სამხრ.-დას-ით – ჯავახეთი, დას-ით – სამცხე, ხოლო ჩრდ-ით – ქართლის საერისთავო, რ-საც კ. ს-გან თრიალეთის ქედი ყოფდა. კლდეკარის მფლობელის ხელში იყო ჯავახეთიდან თრიალეთის გავლით ქართლში (ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) გადასასვლელი ერთადერთი გზა. კ. ს-ს მოსახლეობის შესახებ შემორჩენილია მხოლოდ სტეფანოზ ორბელიანის ცნობა, რ-ის თანახმად თურქებთან ბრძოლის დროს (1018 ან 1049–50) ბიზანტ. მხარეზე მებრძოლი ლიპარიტ ბაღვაშის (იხ. ლიპარიტ IV) განკარგულებაში გამოცხადდა მისი ქვეშევრდომი 700 დიდი აზნაური და 16000 მეომარი. კლდეკარის ერისთავები ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ (იხ. სტ. ბაღვაშები).
კ. ს. საქართვ. ცალკეულ სამეფო-სამთავროთა შორის პოლიტ. დაპირისპირების ნიადაგზე ჩამოყალიბდა და მალევე აქტიურად ჩაება ამ ბრძოლაში [როგორც ვარაუდობენ, აფხაზთა (დას. საქართველოს) გაძლიერებული სამეფოს მესვეურებმა გამოაძევეს კლდეკარის ერისთავების წინაპარი სამამულო სამფლობელოდან – არგვეთიდან]. იგი დიდ როლს ასრულებდა საქართვ. საშინაო და საგარეო პოლიტ. ცხოვრებაში. კლდეკარის ერისთავები ითვალისწინებდნენ საქართველოს ურთიერთობას ბიზანტიასთან, თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსთან და შესაბამისად წარმართავდნენ თავიანთ პოლიტიკას. საერისთავოს არსებობის განმავლობაში ისინი ცენტრ. სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგენი ჩანან (მცირე გამონაკლისის გარდა). კლდეკარის ერისთავების ურჩობამ თავი იჩინა ჯერ კიდევ გაერთიან. საქართვ. პირველი მეფის, ბაგრატ III-ის (975–1014) დროს. ამ უკანასკნელის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა რატი ბაღვაში (რატი I), რ-საც ზურგს უმაგრებდნენ ქართლის დიდი აზნაურები. მეფემ თავდაპირველად დიდი აზნაურები დაიმორჩილა, შემდეგ – რატი ბაღვაში (989), აიღო თრიალეთი კლდეკარის ციხითურთ და კლდეკარის ერისთავად რატი ბაღვაშის ძე ლიპარიტი დასვა. კ. ს. განსაკუთრებით მომძლავრდა XI ს. 30- იან წლებში, როცა ბაგრატ IV-ის მცირეწლოვანების გამო ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი გახდა კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ლიპარიტის ძე. იგი ცენტრ. ხელისუფლებას ებრძოდა და თავისი მიზნების მისაღწევად არც გარეშე ძალის დახმარებას თაკილობდა. ბაგრატ IV-ის (რ-მაც ორჯერ ჩაშალა თბილ. საამიროს შემოსაერთებლად ლიპარიტის მიერ ორგანიზებული ლაშქრობა) წინააღმდეგ ლიპარიტმა ბიზანტიელები მოიშველია და აჯანყება მოაწყო (1045–47). კეისარი კი თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა და კ. ს. პლაცდარმად აქცია საქართველოს წინააღმდეგ. 1058 მესხმა დიდებულებმა შეიპყრეს კლდეკარის ერისთავი და მეფეს მიჰგვარეს. ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ლიპარიტის ძე იძულებით შეაყენა ბერად და ამდენად ბიზანტიასაც გამოაცალა დასაყრდენი.
XI ს. 80-იან წლებში კ. ს. თურქ-სელჩუკების მხარეზე აღმოჩნდა. კლდეკარის ერისთავი ივანე ლიპარიტის ძე 1074 გიორგი II-ს განუდგა. მან კახელები დაიხმარა და ქსნისპირა ადგილები დაიკავა, ქ. გაგი გამოსტყუა მეფის მეციხოვნეებს და საქართველოს მტერს – განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა, თვითონ კი საქართველოს ასაოხრებლად მოსულ „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს სულთანს, მალიქ-შაჰს, მორჩილებით ეახლა (ეს ნაბიჯი შემდგომში კლდეკარის ერისთავის მარცხით დამთავრდა).
XI ს. მიწურულს კ. ს. წინ აღუდგა დავით აღმაშენებლის ბრძოლას ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის. 1093 ლიპარიტ ერისთავი (იხ. ლიპარიტ V) განუდგა მეფეს. დავით აღმაშენებელმა შეიპყრო იგი და მხოლოდ ცოდვის მონანიების შემდეგ გაათავისუფლა „მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ“ („ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“). როგორც ჩანს, ლიპარიტმა ფიცი გატეხა და საქართველოს მეფეს კვლავ გაუორგულდა. დავით აღმაშენებელმა 1094 ისევ შეიპყრო იგი და 2 წლის პატიმრობის შემდეგ გააძევა ბიზანტიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ამის შემდეგ კ. ს-ს სათავეში ჩაუდგა რატი ლიპარიტის ძე, რ-იც წინა ორის მსგავსად სამეფო ხელისუფლებისა და ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძოდა. დავით აღმაშენებელმა უკიდურეს ზომას მიმართა – 1103 რატი ლიპარიტის ძის გარდაცვალების შემდეგ, კ. ს. გააუქმა, „თავისთავად დაიჭირა“ და ერთიანი საქართველოს სამეფოს შეუერთა.
წყარო: მატიანე ქართლისა. წგ: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე; ქართლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ლიტ.: კოპალიანი ვ., სტეფანოს ორბელიანის „ორბელთა ისტორიის“ ზოგიერთი გამოცემის ნდობის საკითხისათვის, «ცისკარი», 1972, №12; მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მისივე, დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
რ. მეტრეველი