კლდიაშვილი ალექსანდრე (საბა) გრიგოლის ძე [2(14). II. 1873, ქუთაისი, – 20. X (2. XI). 1905, ოდესა], ქიმიკოსი. ე. კლდიაშვილის შვილი, ს. კლდიაშვილის ძმა. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია (1895), შემდეგ – ოდესის ნოვოროსიის უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი (1899). სწავლის პერიოდში ჩაება სამეცნ. მუშაობაში პ. მელიქიშვილის ხელმძღვანელობით. 1900- იდან მუშაობდა ოდესის უნ-ტში ტექ. ქიმ. კათედრაზე (კათედრის გამგე ვ. პეტრიაშვილი), შემდეგ – ზოგადი ქიმ. კათედრაზე. პედ. მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა ინტენსიურ სამეცნ. საქმიანობას ბერლინისა და გეტინგენის უნ-ტებში. იკვლევდა კეტონმჟავა მარილებსა და ჰიდრაზინს შორის რეაქციის სიჩქარეს. ბერლინში ე. ფიშერთან (ნობელის პრემია, 1903) ერთად ერთ-ერთი პირველი შეუდგა ნახშირწყლების ქიმ., კერძოდ, სახამებლის სტრუქტურის შესწავლას, დიდი წვლილი მიუძღვის ბუნებრივ ნაერთთა ქიმ. და ბიოქიმ. განვითარების საქმეში. ეკუთვნის ორიგინ. გამოკვლევები კეტონების ქიმიაში, შეიმუშავა გაუმჯობესებული მეთოდი სუფთა დექსტრინის მისაღებად. შეადგინა მინერალური ქიმ. მოკლე კურსი (1904). 1905 კ. მოკლეს შავრაზმელებმა, როდესაც იგი ცდილობდა ოდესელი ებრაელის ოჯახის დაცვას დარბევისაგან. კ. დაკრძალეს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში, ამ ეკლესიის დანგრევის შემდეგ კი საფიჩხიის სასაფლაოზე გადაასვენეს.
კ. თავის მასწავლებლებთან (ვ. პეტრიაშვილი და პ. მელიქიშვილი) ერთად დიდი მონდომებით იღვწოდა საქართველოში მეცნ. ცოდნისა და განათლების გასავრცელებლად. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად აქვეყნებდა ვრცელ წერილებს მეცნ. სიახლეების შესახებ, მაგ.: „ახალი ელემენტი რადი“, „ჰაერის ნაძირალები (დანალექი, რედ.) და ნიადაგში გასული წყლები“ (გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, №1501; №1541) და ა. შ. იგი ავტორია ქიმ. ერთ-ერთი პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი.
ლიტ.: ბათიაშვილი გ., საბა, წგ. ვარ დარაჯი ჩემი ძმისა, თბ., 1995; იმნაძე დ., ალექსანდრე-საბა კლდიაშვილი, თბ., 1943; საითიძე გ., სიმონეთი და მისი ერთი „ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი“, თბ., 2018.