კლდიაშვილი დავით სამსონის ძე [29. VIII (10. IX). 1862, სოფ. ზედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 24. IV. 1931, იქვე], მწერალი, საქართველოს სახალხო მწერალი (1930). დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა გაატარა სოფ. სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპ.) ბაბუამისის, აზნაურ ნ. ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. 7 წლის კ. ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუს. ენის შესასწავლად. 1872 სახელმწ. ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხ. გიმნაზიაში, რ-ის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკ. სამხ. სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხ. სამსახურში გაამწესეს ბათუმში. კ. წლების განმავლობაში უკომპრომისოდ იღვწოდა ქართვ. ერის საკეთილდღეოდ. იგი დაუკავშირდა მოწინავე ინტელიგენციას, გ. ვოლსკისა და ი. მესხთან ერთად იყო ბათუმის საზ.-კულტ. საქმიანობის სულისჩამდგმელი. 1905–07 რევ. შემდეგ არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი აიძულეს, გადამდგარიყო სამხ. სამსახურიდან. 1908-იდან მუშაობდა ქუთაისში, შემდეგ – ჭიათურის შავი ქვის მრეწვ. სამმართველოში. 1915 გაიწვიეს ოსმ. ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო ელოდა, მაგრამ 1917 თებ. რევოლუციამ მოუსწრო და კ. დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.
კ-ის პირველი მხატვრული თარგმანები 1885 ჟურნ. „თეატრში“ დაიბეჭდა, მაგრამ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისად 1893 უნდა მივიჩნიოთ, როცა ჟურნ. „მოამბეში“ კ-ის პირველი მოთხრ. „შერისხვა“ გამოქვეყნდა. სოც. ჩაგვრით, მოცული სოფლის ფონზე მწერალმა მძაფრი ტრაგიზმით დაგვიხატა გაუნათლებლობისა და სიხარბის მსხვერპლი – გლეხი კაცია საგუნაშვილი. ამასვე შეეწირნენ მარინე და ფეფენა („მსხვერპლი“, 1894). მოგვიანებით მწერალი დაუბრუნდა ამ თემას და მოთხრობა „მიქელაში“ (1904) ასახა ოჯახის გადაშენების ფანატიკური შიშით შეპყრობილი მორწმუნე კაცის ყოფა.
კ-ის პირველსავე მოთხრობებში გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი – ქართ. კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც მან XIX ს. ახ. ქართ. პროზის დიდი ტრადიციები განავითარა.
კ-ის შემოქმედების მთავარი თემა – იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვა – პირველად გამოჩნდა მოთხრობა „სოლომან მორბელაძეში“ (1894). ახ. საზ. ურთიერთობათა დამკვიდრებამ ეკონ. ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეესაბამებოდა რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კ-მა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კ-თვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი მოთხრობები: „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1897), „ქამუშაძის გაჭირვება“ (1900), „როსტომ მანველიძე“ (1910).
განწირულ „შემოდგომის აზნაურებს“ იგი წარმოგვიდგენს დიდი ჰუმანიზმით გამთბარი ტრაგიკული ინტონაციებითა და იუმორით; საერთოდ, ტრაგიკულისა და კომიკურის მონაცვლეობა კ-ის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშან- თვისებაა. მწერალი იშვიათად მიმართავს მძაფრ, დაუნდობელ სატირას („ბაკულას ღორები“, 1920).
კ-ის შემოქმედებაში ერთგვარი დისონანსი შეაქვს მის ადრინდ. მოთხრობას „წრფელი გული“ (1896), რ-საც მწერლისათვის უჩვეულო დიდაქტ. ელფერი ახლავს.
კ-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. დრამატურგიაში. სევდიანი სინამდვილე ასახა პიესებში „ირინეს ბედნიერება“ (1897), „დარისპანის გასაჭირი“ (1903) და „უბედურება“ (1914), რ-ებიც მისი შემოქმედების მთავარ პათოსს – უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკულ სულისკვეთებას გადმოსცემს.
კ-ის შემოქმედებითი სტილისათვის დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რ-ის შექმნა მხოლოდ დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მერმისის დამკვიდრებისკენ მოუწოდებდა მას.
სიცოცხლის ბოლო წლებში კ. დაუბრუნდა 1914-იდან შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას. 1925 გამოაქვეყნა მოგონებები „ჩემი ცხოვრების გზაზე“, რ-იც ქართ. მემუარული ლიტ-რის მშვენებაა. 1924–26 დაიბეჭდა კ-ის ახალი მოთხრობები: „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1930 ქართ. ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა კ-ის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.
კ-ის მოთხრობათა პირველი კრებული 1901 გამოიცა, მოთხრობათა ორტომეული – 1911, რჩეული ნაწერების ორტომეული – 1926, თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად – 1933, 1935, 1995.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
თერჯოლაში დგას კ-ისა და მისი მოთხრობების პერსონაჟთა ძეგლი.
თხზ.: თხზულებათა სრული კრებული, ტ. 1–2, თბ., 1952; სამანიშვილის დედინაცვალი, რჩეული, თბ., 2008; ბაკულას ღორები, თბ., 2013; მიქელა, სერია „ერთი შედევრის ბიბლიოთეკა“, თბ., 2014; სოლომან მორბელაძე და სხვა მოთხრობები, თბ., 2015.
ლიტ.: აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1962; ასათიანი ლ., წერილები ლიტერატურაზე, თბ., 1946; დავით კლდიაშვილი 150, კრებული, თბ., 2012; კიკნაძე ვ., დავით კლდიაშვილის თეატრი, თბ., 1973; კლდიაშვილი ს., დავით კლდიაშვილი, თბ., 1945; ტაბიძე ტ., თხზულებანი სამ ტომად, ტ. 2, თბ., [1966]; ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972; ჯოხაძე მ., ჩემი დავით კლდიაშვილი, თბ., 1995 გამოც. მე-2, თბ., 2012.
ს. ჭილაია