კლდიაშვილი (ქალიშვილობის გვარი ყიფიანი) ეფროსინე (ეფრო) ქაიხოსროს ასული (1839, სოფ. ქვიშხეთი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – 9. V. 1913, თბილისი), თეატრალური მოღვაწე და მსახიობი, მთარგმნელი.
ს. კლდიაშვილისა და ა. კლდიაშვილის დედა. მამა, ქაიხოსრო ივანეს ძე ყიფიანი, დ. ყიფიანის უფროსი ძმა იყო. ბიძამ კ-ის აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა. მანვე მიაღებინა მონაწილეობა თბილ. სცენისმოყვარეთა დასის ქართულ დადგმებში. XIX ს. 60–70-იან წლებში კ-მა თანამოაზრეებთან ერთად ქუთაისში დააარსა თეატრის მოყვარულთა წრე, ხელმძღვანელობდა დადგმებს და თავადაც მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. კ-ის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: მენახშირის ქალი მართა (გ. ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“), მედეა (ი. კერესელიძის „მედეა“), მაკრინე (გ. ერისთავის „გაყრა“), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), ლიზეტა (მოლიერის „სიყვარული მკურნალობს“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“) თინათინა (ზ. ანტონოვის „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“) და სხვ. 1888-იდან კ. ჩამოშორდა სცენას და მთარგმნელობით საქმიანობას შეუდგა. გამოცემულია მის მიერ თარგმნილი შპილმანის ისტ. მოთხრობა „დონ პედრო კასტილიელი“ (1891), ი. პოტაპენკოს მოთხრობა „ნამდვილი სამსახური” (1899); აგროვებდა და კრებდა ხალხურ თქმულებებს; მონაწილეობდა ქართ. ზღაპრების ილუსტრირებული გამოცემების მომზადებაში (1902–04); თანამშრომლობდა ჟურნ. „ჯეჯილთან“, მართავდა საქველმოქმედო წარმოდგენებს და ეხმარებოდა ხელმოკლე სტუდენტებს.
კ-ს სამართლიანად უწოდებდნენ „ქუთაისის თეატრის დედას“.
ლიტ.: ბუხნიკაშვილი გ., თეატრალური ქუთაისი, თბ., 1976; ღვინეფაძე ნ., ეფრო კლდიაშვილი, თბ., 1958.